თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ძალა დაფუძნებულია დეზინფორმაციაზე, მტრობასა და სიძულვილზე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაცმოძრაობაში“ დაგეგმილ შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. ამჟამად პარტიაში მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.
„ეს ორგანიზაცია ეფუძნება ძალადობას, მტრობასა და სიძულვილს. ვიდრე ამ პრობლემას არ გადაწყვეტენ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი აზრით, მოსახლეობა „ნაცმოძრაობას“ ამჯერადაც ეტყვის „არას“.
„მოსახლეობა დაიღალა დესტრუქციული რადიკალური ოპოზიციით და მისი ნეგატიური კამპანიით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.