საქართველოს ციხეებში პატიმრებისთვის პირობების გაუმჯობესება იგეგმება

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება.
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი გადაუგზავნა, რომლის მიხედვითაც უმჯობესდება პირობები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის.
კერძოდ, 2026 წლის 1 იანვრიდან ბრალდებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გაზრდა იგეგმება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გაიზრდება ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა და ის გაუთანაბრდება მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ფართს, გახდება არანაკლებ 4 კვ. მეტრი.
ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება.
რამდენი პატიმარია საქართველოში – ბოლო მონაცემები >>
კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენებით დაირღვევა დაწესებულების დებულება და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება, ჩამოართვას ბრალდებულს/მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია პატიმართა კვებაზეც. პროექტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ამჟამად ყოველდღიურად განსაზღვრული კვების რაოდენობა გახდება მინიმუმი და იქნება არანაკლებ სამჯერადი.
ამასთან, საკანონმდებლო პაკეტში საუბარია განათლების უფლებაზეც. კანონპროექტის მიხედვით, ყველა მსჯავრდებულს მიენიჭება აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა.