თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. საქართველოდან ექსპორტზე პირველი 4,5 ათასი ტონა მანდარინი გაიგზავნა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
აჭარაში ციტრუსის რთველის მიმდინარეობის პროცესი ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე, რომელიც დღეს დილით გაიმართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 4,5 ათას ტონამდე სტანდარტული მანდარინი, რაც შეეხება არასტანდარტულ ციტრუსს, მიღებული და გადამუშავებულია 200 ტონა.
წელს აჭარის მთავრობა ადგილობრივ ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციაში დაეხმარება – გაიცემა სუბსიდიები ციტრუსის სამრეწველო გადამუშავებაზე.
კომპანიები, რომლებიც სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს შეისყიდიან ერთ კილოგრამს 0,20 ლარად, მიიღებენ 0,15 ლარის ოდენობის სუბსიდიას ერთ კილოგრამზე. არასტანდარტულ მანდარინს ჩაიბარებს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა, ხოლო სტანდარტულ ნაყოფს – 20-ზე მეტი გადამამუშავებელი საწარმო.
აჭარაში უკვე გაიხსნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 1 თებერვლამდე იმუშავებს. იმუშავებს „ცხელი ხაზიც“, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, შტაბი უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პროცესის მიმდინარეობაში.
ციტრუსის მოსავლის ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 25-30 ათასი ტონა ექსპორტზე გავა.
გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 40 ათას ტონამდე მანდარინი, აქედან თითქმის 40% – რუსეთში.