თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვა და თანასწორობის გარანტია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების წლისთავთან დაკავშირებით.
1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის გარანტიას წარმოადგენს.
„ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნა, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა, ვინაიდან გვწამს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე აუცილებელია ყველა ჯგუფისა და ინდივიდის ინტერესების დაცვა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველომ დაამტკიცა 2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, რამაც საქართველოს კანონმდებლობა დაახლოვა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობას. მიმდინარე წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია.
„სტრატეგია მიზნად ისახავს საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტიან იმპლემენტაციას პრაქტიკაში და ფარავს ისეთ პრიორიტეტებს, როგორიცაა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მართლმსაჯულება და ინსტიტუციური დემოკრატია, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, მოწყვლადი ჯგუფებისა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დაცვა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღევანდელი გამოწვევებით სავსე მსოფლიოში ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა გაორმაგებულ ძალისხმევას მოითხოვს.
„საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულების მიმართ სახელმწიფოს ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური, თანამიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ტექსტი არის პირველი გლობალური განმარტება იმ უფლებებისა, რაც ყველა ადამიანს გააჩნია. იგი შედგება 30 მუხლისგან და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებათა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტებთან ერთად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილის ნაწილს წარმოადგენს.