საქართველოს მობილური ვირტუალური ოპერატორები განგაშს ტეხენ - რა ხდება ბაზარზე

მობილური ვირტუალური კავშირის ქსელების ოპერატორთა ასოციაციაში სამი კომპანია შედის – Inexphone, Myphone და Jens.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. მობილური ვირტუალური ოპერატორების ასოციაციამ (MVNO) კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა თხოვნით, ძალაში დატოვოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დაეკისრათ საკუთარ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების ვალდებულება.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება და დაავალდებულა საქართველოს მობილური კავშირის სამი დიდი ოპერატორი – MagtiCom, Silknet და Vion Georgia, უზრუნველეყოთ საკუთარ ქსელზე სხვა მობილური ოპერატორების წვდომა, რათა საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარი გაფართოვდეს.
MVNO-ს შეშფოთების მიზეზი გახდა Silknet-ის მიერ კომპანია „ეკლეკტიკთან“ დადებული ხელშეკრულება და ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე მობილური კავშირის გამოჩენა სახელწოდებით „ჰალო“ (Halo).

„კითხვის ნიშნებს აჩენს ფაქტიც, რომ კომპანია ისე გახდა MVNO ხელშეკრულების მფლობელი ჩვენამდე, რომ მარეგულირებელ კომისიაში არც კი ჰქონდა ავტორიზაცია გავლილი, მაშინ, როდესაც ჩვენ, სამი ავტორიზებული კომპანია სამი წელია ვიბრძვით და ვითხოვთ კონკრეტულ შეთავაზებებსა და წერილებზე პასუხს ქსელის ოპერატორებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპერატორების აზრით, შეთანხმება შპს „ეკლეკტიკსა“ და სს „სილქნეტს“ შორის არა სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი შეთავაზებების შექმნას, არამედ ფასადურად კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულებას ისახავს მიზნად.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ კომისია ამ სფეროს დარეგულირების კუთხით უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს.
რატომ არ არიან საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორები>>
„სწორედ ამიტომ კომუნიკაციების კომისიას მივმართავთ თხოვნით, არ გააუქმოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება“, – ნათქვამია განცხადებაში.
მობილური ვირტუალური კავშირის ქსელების ოპერატორთა ასოციაციაში შედის სამი კომპანია – Inexphone, Myphone და Jens.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს