კალენდარზე დეკემბრის პირველი დეკადა იწურება. დღე დღეს მისდევს და თანდათან ახალი წელი გვიახლოვდება. მიმდინარე წლის შედეგების შეჯამების დროა – სავარაუდოდ, ბრძანებს მკითხველი და, კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება. თუმცა ნუ ვიჩქარებთ, დრო ჯერ კიდევ საკმარისზე მეტი გვაქვს. ამიტომაც საფინანსო-ეკონომიკური სისტემისა და მათ შორის საბანკო სექტორის 2022 წლის თავგადასავალს მაშინ გიამბობთ, როდესაც ეროვნული ბანკი წლიური ანგარიშის საბოლოო ვერსიის გამოქვეყნებით საფინანსო სისტემის ცალკეული სუბიექტების საქმიანობის ძირითად პარამეტრებს გაასაჯაროებს. მანამდე კი მომავლისკენ გავიხედავ და წინამდებარე სტატიაში იმ სიახლეს გაგაცნობთ, რომელიც საბანკო სექტორში, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაინერგება.
ისეთი პირი უჩანს, რომ კარს მომდგარი ბაჭია ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სუბიექტებისთვის სასურველი სტუმარი ვერ იქნება. კი, მაგრამ, რატომ? − დაინტერესდება მკითხველი. რა გაეწყობა, განვმარტავ: აღმოსავლური ჰოროსკოპით კურდღლის წელიწადი საბანკო სექტორს საგადასახადო ტვირთს დაუმძიმებს. ვიცი, რომ ახლა მეტი კონკრეტიკისკენ მომიწოდებთ და ისღა დამრჩენია, შენიშვნა გავითვალისწინო.
მოგახსენებთ, საფინანსო სისტემას ჰქონდა მოლოდინი, რომ ე.წ. ესტონური მოდელი, რაც გაუნაწილებელი მოგების საგადასახადო დაბეგვრისგან გათავისუფლებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში საბანკო სექტორშიც ამოქმედდებოდა. ანალიტიკურ წრეებში შესაძლო ფისკალურ ეფექტზეც საუბრობდნენ, თუმცა დაახლოებით ერთი თვის წინ სამთავრობო კულუარებში გაჟღერდა მოსაზრება საბანკო სექტორში „ესტონური მოდელის“ ამოქმედების შესაძლო გადავადების შესახებ. დეკემბრის პირველსავე ორშაბათს საბოლოოდ გაირკვა, რომ საფინანსო სისტემაში მოგების გადასახადის არსებული სისტემა შენარჩუნდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და ასე შეიტყო საბანკო სფერომ, რომ „ესტონური მოდელის“ სიკეთე მას აღარ ემუქრება. ის, რაც კიდევ დამატებით ითქვა, საბანკო სექტორისთვის აშკარად მოულოდნელი იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც დასძინა, რომ კომერციულ ბანკებს მოგების გადასახადი 15 პროცენტიდან 20 პროცენტამდე გაეზრდებათ. მთავრობის მეთაურმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად ბოლო წლებში საბანკო სექტორის სულ უფრო მზარდი მოგება დაასახელა და იქვე დააზუსტა, რომ მთავრობა ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.
კარგი იქნება დავინტერესდეთ, რა თანხა გადაიხადეს კომერციულმა ბანკებმა მოგების 15 პროცენტით დაბეგვრის პირობებში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ათ თვეში კომერციული ბანკების საერთო შემოსავალმა 6,095 მილიარდი ლარი შეადგინა. მოგება 1,775 მილიარდი ლარი იყო. მოგების გადასახადის სახით 14-მა კომერციულმა ბანკმა 279,2 მილიონი ლარი გადაიხადა. გასულ წელს საბანკო სექტორმა 2,082 მილიარდი ლარის მოგება მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია და COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდის მოგებასაც აჭარბებს. კომერციულმა ბანკებმა მოგების გადასახადის სახით გასულ წელს 254,255 მილიონი ლარი გადაიხადეს.
საინტერესოა, რომელ სუბიექტებს ეხება მოგების დაბეგვრის ახალი რეჟიმი. როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, გადაწყვეტილება კომერციულ ბანკებზე, საკრედიტო კავშირებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სესხის გამცემ სუბიექტებზე ვრცელდება. რას მოუტანს ეს საბანკო სექტორს და როგორ აისახება მომხმარებლებზე?
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ მომხმარებლებს საბანკო პროდუქტები გაუძვირდებათ.
„არ გამოვრიცხავ, რომ მოგების გაზრდილ გადასახადს საბანკო სექტორმა ადეკვატური პოლიტიკით უპასუხოს, საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს. შედეგად, მომხმარებელი უფრო მეტ თანხას გადაიხდის“, − აცხადებს ანალიტიკოსი ნოდარ სირბილაძე.
არის განსხვავებული მოსაზრებებიც. ექსპერტ-ანალიტიკოსებისა თუ საბანკო სფეროს სპეციალისტების, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილებაზე პასუხად საბანკო სექტორის მხრიდან მომსახურების ტარიფების გაზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. თავად გადაწყვეტილება თავისი შინაარსით უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური.
„გადასახადის გაზრდის საპასუხოდ საბანკო პროდუქტების გაძვირებას არ ველოდები. ეს თავიდანვე აშკარა იყო, რომ მთავრობა კომერციული ბანკებისთვის მოგების გადასახადის გაუქმებას არ აპირებდა. უკვე ხუთი წელია, რაც „ესტონური მოდელი“ სხვა ბიზნესებისთვის ამოქმედდა, ხოლო საბანკო სექტორში მოგების დაბეგვრის სისტემა უცვლელად დარჩა. თუ მთავრობა ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა, ამ ხნის განმავლობაში მიიღებდა. პროცესი დროში არ გაიწელებოდა. მოგების გადასახადის გაზრდა კი ფინანსურად მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის. ეს მთავრობის, უფრო, პოპულისტური გადაწყვეტილება იყო ამომრჩევლების გულის მოსაგებად − აი, ხედავთ, ჩვენ კომერციულ ბანკებს გადასახადებს ვუზრდით და ბიუჯეტს შევავსებთ. არადა, განსაკუთრებული ეფექტი ბიუჯეტისთვისაც არ იქნება. მთლიანობაში საბანკო სექტორისთვის და ცალკე კომერციული ბანკებისთვის არც ფისკალური ეფექტი ექნება. სხვა საკითხია, რომ შესაძლოა საბანკო სექტორი საინვესტიციო თვალსაზრისით აღარ იყოს ისეთი მომხიბვლელი, მაგრამ არც ამ მხრივ ველოდები რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
საინტერესოა, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების დაანონსებამდე მთავრობას ჰქონდა თუ არა კონსულტაციები საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან. როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძრვანელი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, მოგების გადასახადის შესაძლო გაზრდის საკითხი მთავრობას კომერციული ბანკებისა თუ სხვა სუბიექტების მესვეურებთან წინასწარ არ განუხილავს. მისი თქმით, ამ საკანონმდებლო ცვლილების რეალიზაციისა და იმპლემენტაციისთვის ძალიან მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ ლოგიკა გვკარნახობს, რომ აღნიშნული ცვლილებების შეტანა საანგარიშგებო წლამდე უნდა მოხდეს და, რაც მთავარია, ისე, რომ დამატებით პრობლემები არ გამოიწვიოს.
„უპირველეს ყოვლისა უნდა ვნახოთ მომზადებული ცვლილებები და დავთვალოთ, რა ეკონომიკური ეფექტი ექნება. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ – გადაწყვეტილება საბანკო სექტორს ფისკალურ ხარჯს უზრდის. ხოლო როცა საბანკო სექტორს ხარჯი ეზრდება, ასეთ შემთხვევაში კონკრეტულად ბიზნესთან მიმართებაში გარკვეული ხარჯის კომპენსირება და მისი სხვადასხვა მეთოდით ოპტიმიზება ხდება“, − აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
მთავრობის გადაწყვეტილებას მოგების გადასახადის 5 პროცენტით გაზრდის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა წარმომადგენლების გამოხმაურებაც მოჰყვა. კერძოდ, მათი შეფასებით, ეს ცვლილება სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას შეამცირებს.
ასეა თუ ისე, ფაქტია, მთავრობის მეთაურმა საბანკო სექტორის მოგების დაბეგვრის ახალი რეჟიმი დააანონსა და ვეჭვობ, გადაწყვეტილების შინაარსი შეიცვალოს. ახლა მთავარია, გაზრდილი გადასახადის ტვირთი მომხმარებლებზე არ გადანაწილდეს. დაველოდოთ, დრო გვიჩვენებს, როგორი იქნება საბანკო სექტორის საპასუხო ნაბიჯი...
სამსონ ხონელი