ილია ჭავჭავაძის მუზეუმი „ევროპის წლის მუზეუმის“ ნომინაციაზეა წარდგენილი

ჭავჭავაძის მუზეუმი 1982 წელს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე გაიხსნა.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის (European Museums Forum) კონკურსის „EMYA - ევროპის წლის მუზეუმი 2023“ ოფიციალური ნომინანტი გახდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
„ევროპის წლის მუზეუმის“ პრემია ბრიტანელმა დამფუძნებლებმა – კენეტ ჰადსონმა, რიჩარდ ჰოგარტმა და ჯონ ლეტსმა 1977 წელს დააარსეს.
კონკურსი ევროპის საბჭოს ეგიდით მიმართულია ევროპის სამუზეუმო სფეროს მოწინავე გამოცდილების აღიარებისკენ და ხელს უწყობს სამუზეუმო სივრცეში ინოვაციური მიდგომების განვითარებას.

„მსურს მადლობა გადავუხადო მუზეუმების გაერთიანების გუნდს და მივულოცო მთელ თბილისს, რომ ოფიციალურად აღიარებული, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი გვაქვს დედაქალაქში“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ჭავჭავაძის მუზეუმი თბილისის ცენტრში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე 1982 წელს გაიხსნა. შენობა თავის დროზე ილია ჭავჭავაძის დას ელისაბედს ეკუთვნოდა. ელისაბედის მეუღლემ ალექსანდრე საგინაშვილმა შენობა ჯერ კიდევ 1880 წელს ააშენა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1888-1901 წლებში ცხოვრობდა მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან ერთად. ამ სახლთან არის დაკავშირებული ილიას აქტიური საზოგადოებრივი, პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების წლები.
ამავე შენობაში ფუნქციონირებდა ილიას მიერ დაარსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
სახლი ცნობილია იმით, რომ აქ მე-19 საუკუნეში ხუთშაბათობით იკრიბებოდა რჩეული საზოგადოება და ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები. ამჟამად მუზეუმის კომპლექსში შედის კოშკი, ღვინის მარანი, ბეღელი, წისქვილი და საცხობი.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
ილიას ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ინახება ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალა: სამახსოვრო საგნები, პირადი არქივი, მისი ნაწარმოებების გამოცემები, მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს