მსოფლიო დღეს

ევროკავშირში მოქალაქეების არალეგალურად გადაყვანისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. საერთო ჯამში, საქმეზე 23 ადამიანი დააკავეს
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების არალეგალურად გადაყვანის საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეკომპანიის ცნობით, ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 23 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე, რვა პოლონელი, ცხრა უკრაინელი, ორი ტუნისელი, ერაყელი და ბელარუსი. სასამართლომ 15 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. გამოძიებას ლუბლინის პოლიცია აწარმოებს.
დაკავებულებს შორის არის 51 წლის პოლონელი, რომელსაც გამოძიება ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ქსელის ორგანიზატორად მიიჩნევს.
ამასთან, „ევროპოლის“ ცნობით, იანვრიდან მოყოლებული, ევროკავშირში მიგრანტების არალეგალურად შეყვანის მცდელობისთვის სულ 61 ადამიანია დაკავებული.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომელთა შორისაც იყვნენ ძირითადად სირიისა და თურქეთის მოქალაქეები, ერაყიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქალაქეები სხვადასხვა უკანონო დერეფნით გადაჰყავდათ.
ბოროტმოქმედები ერთი მოქალაქის ტრანსპორტირებისთვის 3.000-დან 15.000-მდე ევროს ითხოვდნენ. საერთო ფულადი ნაკადი 16 მილიონ ევროდ ფასდება.