თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს შენგენის ზონაში ხორვატიის მიღებას, ეს 2023 წლის 1 იანვრიდან მოხდება.
„შენგენის ზონა პირველად ფართოვდება ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში ჩეხეთის თავმჯდომარეობის წყალობით. მინისტრებმა დაადასტურეს ხორვატიის წევრობა 2023 წლის 1 იანვრიდან!” – დაწერა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს ჩეხეთის წარმომადგენლობამ Twitter-ში.
ამის პარალელურად რუმინეთისა და ბულგარეთის განაცხადები შენგენის ზონაში შესვლაზე უარყოფილია.
ევროკომისია იმედგაცრუებულია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით (რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზეა მიღებული) შენგენის ზონაში ბულგარეთისა და რუმინეთისთვის უარის გამო, მიუხედავად ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის დაჟინებული მოწოდებებისა.
„მე იმედგაცრუებული ვარ ამ გადაწყვეტილებით. მაგრამ ევროკომისიამ უნდა შეინარჩუნოს ოპტიმიზმი, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ქვეყნების გაწევრიანებას მივაღწევთ ჩვენი მანდატის დასრულებამდე", – განაცხადა შინაგან საქმეთა ევროკომისარმა იოჰანსონმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიის აზრით, ბულგარეთი და რუმინეთი დიდი ხანია იმსახურებენ შენგენის ზონაში შესვლას.
ამჟამად შენგენის ზონა მოიცავს 26 ქვეყანას: ევროკავშირის 22 სახელმწიფოს, ასევე ისლანდიას, ნორვეგიას, შვეიცარიას და ლიხტენშტეინს.