საქართველოს პრემიერმა TAV Airports-ის პრეზიდენტთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

TAV Airports Holding-ს საქართველოში მისი შვილობილი კომპანია TAV Georgia წარმოადგენს.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე თანამშრომლობისა და ახალი ავიახაზებისა და მარშრუტების სტიმულირების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და TAV Airports-ის პრეზიდენტმა სერქან კაპტანმა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკის კვალდაკვალ, არსებული სერვისების გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სფერო განსაკუთრებით დააზარალა. დარგის აღდგენა 2021 წელს დაიწყო.
2022 წლის დასაწყისიდან 11 თვეში საქართველოს ჯამში ესტუმრა 4,8 მლნ საერთაშორისო მოგზაური, რაც 2021 წლის იანვარი–ნოემბრის მაჩვენებელზე 185,5%-ით მეტია. მაჩვენებლები კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ პერიოდთან შედარებით (2019) 55,9%-ით აღდგა.
რამდენ მგზავრს მოემსახურა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები>>
საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის ათ თვეში 2,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია. ამასთან, შემოსავლებმა 2019 წლის დონეს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო, 5,7%-ით გადააჭარბა.
TAV Airports Holding საქართველოში წარმოდგენილია მისი შვილობილი კომპანიით TAV Georgia. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.
TAV Georgia ბათუმის აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს>>
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1.300 თანამშრომელი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს