თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკვებს იღებს შერჩევით და მაშინ, როცა უნდა, ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.
ყოფილი პრეზიდენტი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შიმშილობის შემდეგ დაეწყო, რომელიც 50 დღე გრძელდებოდა.
„მკურნალობა არის რთული პროცესი, ამიტომ ბევრი რამეა დამოკიდებული პაციენტზეც, ამიტომ კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სრულფასოვნად უნდა იკვებოს და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ - არ“, - განუცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებს.
ამასთან ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ თუ ასე გაგრძელდა შერჩევითი კვება, შერჩევით დღეებში, შერჩევით პერიოდში, მაშინ ექიმები ზონდით კვებას გამოიყენებენ. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, სააკაშვილს საჭირო მკურნალობა უტარდება.
„მდგომარეობა არის სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია, შესაბამისად გრძელდება მკურნალობა. შემიძლია გითხრათ, რომ წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, მხოლოდ უმნიშვნელო წნევის ცვალებადობა იყო“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ყოფილი პრეზიდენტი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შიმშილობის შემდეგ დაეწყო, რომელიც 50 დღე გრძელდებოდა.
1 დეკემბერს ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრობლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.
ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ადრე განაცხადა, რომ თმის ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე ლითონები გამოავლინა, რომლებიც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს. თავად სააკაშვილმა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ განცხადებებს სპეკულაცია უწოდა.
ამის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის ნიმუშები აიღეს.
სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფის სხვა კლინიკაში გადაყვანა არ გამორიცხა.
1 დეკემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ამ საკითხზე სასამართლო სხდომა 9 დეკემბერს ჩაინიშნა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.