თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ბანკები და მთლიანად საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელზე და მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას – მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის სიტყვებით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლისთვის დამატებითი მოგების მიღებას გეგმავს.
„მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება. ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში. გაუმართლებელია, რომ ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, 2 მლრდ ლარი იქნება ბანკების მოგება წელს“, – აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილის სიტყვებით, მთავრობა პარლამენტს მიმართავს მოგების გადასახადის გაზრდის ინიციატივით – მოგების გადასახადი საბანკო სექტორისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება.
„ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განვითარებული საბანკო სისტემა გვაქვს, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას. ეს არის მცირედი კორექტივები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე არ ხდებოდა.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადი 15%-ია. რაც შეეხება ე.წ. ესტონურ მოდელს, ის ითვალისწინებს საწარმოების მოგების იმ ნაწილის დაბეგვრისგან გათავისუფლებას, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული.