თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში აირჩევს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, პროცესი დასკვნით ეტაპზეა. გასულ კვირაში კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო, რის შედეგადაც ომბუდსმენობის 19 კანდიდატიდან მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ რვა კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება შეძლო.
„რა თქმა უნდა, მთავარია ერთ კანდიდატზე მოხდეს შეჯერება. ეს კონსულტაციები მიმდინარე კვირაში აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მოხდეს ახალი სახალხო დამცველის არჩევა“, – განაცხადა მიქანაძემ.
თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ წითელ ხაზებად რჩება ის კრიტერიუმები, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან, არამედ აპოლიტიკურობასა და მიუკერძოებლობასთან.
„ვფიქრობ, არის შესაძლებლობა შევჯერდეთ კონკრეტულ კანდიდატზე და შემდეგ კვირაში საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ავირჩიოთ. თუმცა, ყველაფერ ამას გვაჩვენებს ის კონსულტაციები, რაც მიმდინარე კვირაში წარიმართება და რა შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა მიქანაძემ.
სახალხო დამცველი გახდება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას. ვის დაუჭერენ მხარს პარტიები, ჯერჯერობით უცნობია.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველის პოსტზე თავისი კანდიდატი არ წარუდგენია.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას ერთსულოვანი მხარდაჭერა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ და სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.