თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ადრენალინის მოყვარულებისთვის საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში, ნათქვამია საერთაშორისო მედია-პლატფორმა Bloomberg-ის სტატიაში.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Bloomberg-ის პლატფორმაზე მარკეტინგულ კამპანიას განაგრძობს. ამ კამპანიის ფარგლებში Bloomberg-მა მოამზადა სტატია და სამწუთიანი ვიდეორგოლი სათავგადასავლო ტურიზმზე, ლაშქრობებზე და მთის კურორტებზე საქართველოში.
„ვინც საქართველოს სტუმრობდა, ან ჯერ კიდევ არ გამგზავრებულა, მაგრამ შეისწავლა, უკვე იცის ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი ნიშნები: თავბრუდამხვევ მთებში მდებარე უძველესი მონასტრები, თბილისის კულტურებისა და არქიტექტურული სტილების საოცარი ნაზავი, ღვინის ფესტივალები და შავი ზღვის სანაპირო“, – ნათქვამია სტატიაში.
Bloomberg-ის სტატიაში და ვიდეორგოლში წარმოდგენილია კავკასიონის მთები, მყინვარწვერი, სტეფანწმინდა და გერგეტის სამება. Bloomberg-მა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ასევე საქართველოს მთის კურორტებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში სათხილამურო სპორტი სწრაფი ტემპით ვითარდება, ხოლო საქართველოს სათხილამურო ტრასებზე სრიალი ბევრად იაფია, ვიდრე ალპებში.
„სვანეთი ლაშქრობის სამოთხეა. ეს ფაქტობრივად ორი რეგიონია – ქვემო და ზემო სვანეთი. ქვემო სვანეთი საოცარ მოგზაურობას გთავაზობთ მდინარის ხეობებში, მდელოებსა და ბორცვებზე. ზემო სვანეთი კი მაღალი მწვერვალებით, მყინვარებითა და მონასტრებით გამოირჩევა“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაშია ასევე აღნიშნულია, რომ სვანეთში ტურისტული სეზონი მთელი წელი გრძელდება. რეგიონი ცნობილია შესანიშნავი სათხილამურო კურორტებით – ჰაწვალითა და თეთნულდით.
სტატიაში საუბარია ასევე ქუთაისის ტურისტულ მიმართულებებზე, ჩანჩქერებზე. გამოცემის წყალობით ვიდეორგოლი საქართველოს შესახებ შეიძლება ნახოს 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა საფრანგეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლოეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაეთიანებულ საამიროებში, კუვეიტში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.