რაჭის ტყეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 35 წლის მამაკაცი დააკავეს

დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით რაჭაში 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა თანასოფლელს, 62 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. სამართალდამცველებმა ის რაჭაში, სოფელ ჭრებალოში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს