თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ (FCC) დააკმაყოფილა განაცხადი, რომელიც მილიარდერ ილონ მასკის კუთვნილი კომპანია SpaceX-ის მეორე თაობის თანამგზავრების რაოდენობის 7,5 ათასამდე გაზრდას ითვალისწინებს, ნათქვამია რეგულატორის გადაწყვეტილებაში.
„ჩვენი გადაწყვეტილება SpaceX-ს მისცემს საშუალებას, დაიწყოს მეორე თაობის Starlink-ის ქსელის გაფართოება, რათა უზრუნველყოს შემდეგი თაობის ფართოზოლოვანი თანამგზავრული კავშირის ხელმისაწვდომობა ამერიკელებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნებართვა SpaceX-სთვის გულისხმობს, მათ შორის, სახმელეთო თანამგზავრული ოპერატორების დაცვას მავნე შეფერხებებისგან და „უსაფრთხო კოსმოსური გარემოს“ შენარჩუნებას, ასევე მისი რესურსების დაცვას მომავალში გამოყენებისთვის.
კომპანიამ სექტემბერში გაასაჩივრა FCC-ს უარყოფითი გადაწყვეტილება 885 მლნ დოლარის ოდენობის ფედერალურ სუბსიდიაზე, რის გამოყენებასაც კომპანია სოფლის დასახლებებში კლიენტებისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდებისთვის გეგმავდა.
რეგულატორის არგუმენტი ეყრდნობოდა იმას, რომ SpaceX-ის თანამგზავრული „თეფში“ ძალზე ძვირია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის და Starlink-ს არ უჩვენებია, რომ შეუძლია დაპირებული მომსახურების წარდგენა.