ქართველი ფერმერები აგროკრედიტით დრონისა და მეტეოსადგურის ყიდვას შეძლებენ

აგროდრონების შესყიდვისა და მეტეოსადგურის მოწყობის შემთხვევაში სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა შესწორებები პროექტში „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებისთვის დაბალი განაკვეთით მიზნობრივი კრედიტების გაცემას უზრუნველყოფს, იუწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ქვეყანაში 2013 წლის მარტიდან მოქმედებს.
ცვლილებების თანახმად, ფერმერებს შეუძლიათ შეღავათიანი აგროსესხით შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატი (აგროდრონი) და მეტეოსადგური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის.
სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია აგროდრონებზე, რომლებიც შეასრულებენ შესხურების, ასევე აგრონომიული დანიშნულებით სკანირების ფუნქციას.
კრედიტები ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება>>
გარდა ამისა, ფერმერები საკუთარ მეურნეობებში მეტეოსადგურის მეშვეობით შეძლებენ კლიმატის პროგნოზირებას, მავნებლებისა და დაავადებებისგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციას, ასევე სხვადასხვა აგროსამუშაოების დასაგეგმად საჭირო მონაცემების შეგროვებას.
აგროდრონების შესყიდვისა და მეტეოსადგურის მოწყობის შემთხვევაში სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდეა.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით შესაძლებელი ხდება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
საქართველოში გაცემული აგროკრედიტების თანხამ 160 მილიონ ლარს გადააჭარბა>>
„შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფერმერების დასახმარებლად დანერგილი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მათზე დაბალპროცენტიანი მიზნობრივი სესხების გაცემას უზრუნველყოფს.
არსებობის ცხრა წლის განმავლობაში პროექტში, დარგში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, რიგი ცვლილებები შევიდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს