ერთსაათიანი საუბარი: გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა

Sputnik
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში არსებული სიტუაციის სხვადასხვა ასპექტის განსახილველად დაურეკა, იუწყება კრემლის პრეს-სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერების საუბარი ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

„ყურადღება მიეპყრო დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის, გერმანიის დესტრუქციულ ხაზს, რომლებიც კიევის რეჟიმს იარაღით ამარაგებენ და უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან. ამ ყოველივეს და ასევე უკრაინის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას მივყავართ იქამდე, რომ კიევი სრულიად უარყოფს ნებისმიერი მოლაპარაკების იდეას“, — ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

როგორც რუსეთის მთავრობაში მიაჩნიათ, დასავლეთის ასეთი პოლიტიკა „ხელს უწყობს რადიკალ უკრაინელ ნაციონალისტებს, ჩაიდინონ სულ უფრო მეტი სისხლიანი დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.
თავის მხრივ, გერმანიის მთავრობამ ოლაფ შოლცისა და ვლადიმირ პუტინის საუბრის საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, ლიდერებმა სურსათთან დაკავშირებული მდგომარეობა, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა განიხილეს.
როგორც გერმანიის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა იმ გადაწყვეტილების სიმტკიცეს, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას შეეხება.
გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა დაგმო რუსეთის სარაკეტო შეტევები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, რასაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ დარტყმებზე „იძულებითი რეაქცია“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე გერმანიისა და რუსეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი 13 სექტემბერს შედგა, ხოლო პირადი შეხვედრა — 15 თებერვალს, როდესაც ოლაფ შოლცი მოსკოვში იმყოფებოდა.