თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი მაღალი ტემპებით მიმდინარეობს – 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8,3% შეადგინა. წლის დასაწყისიდან რეალური ზრდის ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.
„ეს მონაცემები მათემატიკური სიზუსტით დადგენადია. რა თქმა უნდა, ეს ზრდა თანაბრად ყველა მოქალაქეზე არ აისახება, მაგრამ მარტივი მონაცემები გვაქვს აქაც, მაგალითად, მსოფლიო ბანკის“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ მსოფლიო ბანკის მონაცემები მოიყვანა მაგალითად, რომლის თანახმად, სიღარიბე 3–4 წელიწადში 400 ათასმა ადამიანმა გადალახა.
„სულ რაღაც 3-4 წლის წინ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 850 ათასი ადამიანი. ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იქნება 450 ათასზე ნაკლები. ანუ 400 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში... 450 ათასი ადამიანი ისევ არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაც ძალიან მძიმეა და აქეთკენ უნდა გავაგრძელოთ სვლა“, – განაცხადა მან.
კობახიძის თქმით, საქართველოში ორი წელია ზედიზედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა; 2021 წელს – 10,5%, ხოლო 2022 წლის ათ თვეში – 10%. ამ მონაცემებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თავდაპირველ პროგნოზებს გადააჭარბა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ თუ, მაგალითად, შარშან წლის დასაწყისში იყო 4.250 დოლარი, ამ წლის ბოლოს გახდება დაახლოებით 7.800 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე“, – განაცხადა კობახიძემ.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა.