თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა: რა გაკეთდა და რა გაკეთდება

ქალაქის მერმა დაწვრილებით ისაუბრა სატრანსპორტო სფეროში განხორციელებულ პროექტებზე და მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმებზე.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის არეალი არსებითად გაიზარდა თბილისის დასახლებულ უბნებში, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკის პროექტების პრეზენტაციაზე.
კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის არეალი დასახლებულ უბნებში 78%-დან 87%-მდე გაიზარდა, ხოლო ტევადობა – 60%-ით (სულ 84.060 ადგილით მეტი).

რაც შეეხება ტრანსპორტის ლოდინის დროს, ავტობუსების შემთხვევაში ის შემცირდა 28 წუთიდან 18 წუთამდე, ხოლო მეტროს შემთხვევაში – 4-დან 2,5 წუთამდე. მერის თქმით, ამ კუთხით ვითარების გაუმჯობესება მოქმედებების გეგმის პირველი ეტაპის განხორციელების წყალობით მოხერხდა, რომელიც 2018 წელს შემუშავდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიამ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ვითარების გასაუმჯობესებლად სატრანსპორტო პოლიტიკის კუთხით.
მერის თქმით, ესაა სატრანსპორტო ქსელის განახლება და სინქრონიზაცია, ავტობუსების შეცვლა და მათი რაოდენობის გაზრდა, ავტობუსების ზოლების მოწყობა, მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება და მათი სრული განახლება, მეტროში 12 შემადგენლობის დამატება, ტაქსის რეფორმა, ასევე ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემისა და ნაკადების მართვის „ჭკვიანი სისტემის“ დანერგვა.
როგორ იბრძვის თბილისი კლიმატური ცვლილებების დაძლევისთვის>>
ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომფორტული, სწრაფი და ხელმისაწვდომი იყოს, აღნიშნა კალაძემ.
„ყველას გვახსოვს, თუ როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურებოდა მოსახლეობას. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ყვითელი ავტობუსები იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ყოველგვარი რესურსი ჰქონდა ამოწურული. ძირგავარდნილი, ძირგამომპალი ავტობუსები ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას. არავითარი კონდიცირება ან გათბობა. ეს იყო სერიოზული გამოწვევა“, – აღნიშნა კალაძემ.
მერის თქმით, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა იყო დაბალი.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს ქალაქის მასშტაბით მოწესრიგებულია 47 კმ ავტობუსის ხაზი. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა სწრაფად და შეფერხებების გარეშე შეძლოს გადაადგილება.
თბილისის მეტრო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება>>
სრულად არის განახლებული მიკროავტობუსების პარკი და დღეს დედაქალაქს ევროპული ტიპის 1 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. მათი რაოდენობა შემცირდა, თუმცა გაიზარდა ავტობუსების რაოდენობა – 655-დან 860-მდე. მეტროს დაემატა 32 ვაგონი, 79 კაპიტალურად გარემონტდა.
ტაქსის რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან, ხოლო 2019 წლიდან ამოქმედდა ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც ჯერ მთელი ქალაქის მასშტაბით არ არის დანერგილი თბილისში, თუმცა ეტაპობრივად მოიცავს მთელ ტერიტორიას, აღნიშნა კალაძემ.

„ბევრია ქუჩა ცენტრალურ უბნებში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, სახლში დაბრუნების შემდეგ საკუთარი ავტომანქანა საკუთარ საცხოვრებელთან გააჩეროს. შესაბამისად, ამ პროგრამის დანერგვა გაგრძელდება“, – განაცხადა მერმა.

უკვე გაფორმებულია შეთანხმება „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვის მიზნით. მისი სრული დანერგვა 2026 წლამდე იგეგმება.
თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარება იწყება>>
„ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ ძვირადღირებული მიმართულებაა, მაგრამ ქალაქში ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ასევე დარგის სპეციალისტები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს