თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შვიდ ექიმს დროებით შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
მიმდინარე წელს საბჭოს წევრებმა 296 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათგან პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 219 ექიმს, ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 56 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.
სამინისტროს განმარტებით, პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, ასევე პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.