თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში აზარტული ონლაინ–თამაშების მოწყობისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო.
შესაბამისი ცვლილებები მთავრობის ინიციატივით შედის კანონში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. კანონპროექტის მიხედვით, აზარტულ ონლაინ თამაშებზე ნებართვის სახეები შემოდის, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სათამაშო აპარატების თამაშობების, ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობები.
პროექტის თანახმად, ონლაინ–თამაშობებზე ნებართვა გაიცემა ფიზიკურად არსებული ნებართვის მფლობელებზე, დღეს არსებული მდგომარეობით, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით. კერძოდ, სამორინეს ნებართვის მფლობელზე — მხოლოდ ონლაინ–სამორინეს ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელზე — მხოლოდ ონლაინ სათამაშო აპარატების ნებართვა, ტოტალიზატორზე — ონლაინ–ტოტალიზატორის ნებართვა.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით, შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი თითოეული სახეობის ნებართვისთვის წელიწადში 100.000 ლარია.
დარღვევებზე შესაბამისი ჯარიმები დაწესდება. კერძოდ, პირი სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდება 50.000 ლარით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში — 20.000 ლარით.
დღეს მოქმედი კანონით, ონლაინ–თამაშების მოწყობის უფლება დამატებით ნებართვას არ საჭიროებს და აღნიშნულის შესაძლებლობა აქვს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელს.
ფიზიკურად არსებული სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით როგორც სამორინეს, ასევე სათამაშო აპარატების თამაშობები. ანალოგიურად, ფიზიკურად არსებული სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს როგორც სათამაშო აპარატების, ასევე სამორინეს თამაშობები, ხოლო ფიზიკურად არსებული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყანაში აიკრძალოს ონლაინ–კაზინოები, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ სათამაშო კომპანიებისთვის 65–70%-ით გაზარდა გადასახადები, დააწესა ასაკობრივი ზღვარი ონლაინ–თამაშებზე 25 წლამდე, ასევე შექმნა იმ პირთა ბაზა, რომლებსაც ეკრძალებათ ონლაინ–კაზინოებში თამაში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 1 მარტიდან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, დღეის მდგომარეობით, შეტანილია ინფორმაცია 1.449.124 პირის შესახებ.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებსაც კი აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 10 ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები ლუდომანია.
საქართველოში ლუდომანიას მრავალი წელია ებრძვიან. ქვეყანაში 2005 წლიდან მოქმედებს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. სწორედ ის არეგულირებს სამორინეების, ტოტალიზატორების, სლოტ–კლუბებისა და სხვა გასართობი თამაშობების მუშაობას.