ქართველმა ძალოვანებმა თურქეთში ანტიტერორისტულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

კურსის მთავარი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარება.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ანკარაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ საერთაშორისო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
წვრთნები საქართველოს და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
ძალოვანებმა ანტიტერორისტულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
სწავლება შედგებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. პრაქტიკული კურსი დაყოფილი იყო ორ ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავდა ავტომობილსა და ავტობუსზე, მეორე ეტაპი კი მატარებელსა და თვითმფრინავზე იერიშის სიმულაციურ წვრთნებს.
კურსის ძირითადი ამოცანა იყო ტერორისტის ამოცნობა და მისი გაუვნებელყოფა, ასევე პირადი შემადგენლობის ვერტმფრენით გადაყვანა დანაშაულის ადგილამდე და ევაკუაცია დანაშაულის ადგილიდან.
ძალოვანებმა ანტიტერორისტულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
ქართველ სამართალდამცველებთან ერთად აღნიშნული სწავლება სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებმაც გაიარეს. კურსი მიზნად ისახავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.