თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც 7 დეკემბერს იგეგმებოდა, არ შედგება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი შეხვედრა სომხეთის ლიდერთან 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო.
„მაგრამ გუშინ ჰიქმეთ გაჯიევმა (პრეზიდენტის თანაშემწე) მომაწოდა ინფორმაცია, რომ მას დაუკავშირდნენ შარლ მიშელის ოფისიდან და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრას დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი. ეს ნიშნავს, რომ ეს შეხვედრა არ გაიმართება“, – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.
მისი თქმით, საფრანგეთს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება აზერბაიჯანი–სომხეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, რაც მათივე ბრალია.
„პრაღაში შეხვედრიდან ერთ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა თავის ინტერვიუში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და ბრალი დაგვდო იმაში, რაც არ ჩაგვიდენია. ამას მოჰყვა საფრანგეთის სენატის ყველასთვის ცნობილი რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. ახლა, სავარაუდოდ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთი ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის მისაღებად ემზადება“, – განაცხადა ალიევმა.
ალიევმა დაამატა, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით საფრანგეთს არ შეუძლია სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის მიღება.
„ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, რადგან არც აშშ-ს და არც რუსეთს არასდროს ოფიციალურ დონეზე არ დაუკავებიათ ვინმეს მხარე. ეს ნიშნავს, რომ 7 დეკემბერს შეხვედრა არ შედგება. ჩვენ განვიხილავთ სხვა ალტერნატივებს. ვნახოთ, ვინ შეასრულებს შუამავლის როლს და რომელ პლატფორმაზე“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფაშინიანის მიერ წამოყენებულ პირობას ბრიუსელის შეხვედრაში ემანუელ მაკრონის მონაწილეობის თაობაზე განიხილავს, როგორც „მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობას“.