თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებისა და მედდებისთვის შრომის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას აწესებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კერძოდ, 2023 წლის 1 იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება იქნება 7 ლარი ერთ საათში, რაც თვეში საშუალოდ 1.260 ლარს შეესაბამება. რაც შეეხება მედდებს, მათი მინიმალური ანაზღაურება იქნება 4,4 ლარი ერთ საათში, ანუ თვეში საშუალოდ 792 ლარი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი წესით ხელფასის მატება საქართველოში შეეხება დაახლოებით 9 ათას ექიმს და 8 ათასზე მეტ მედდას.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დასაწყისში სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის შრომის მინიმალური ანაზღაურების ზღვრის დაწესება დააანონსა.
რეფორმის თანახმად, მომავალი წლიდან ყველა იმ კლინიკის ხელმძღვანელი, რომელიც საყოველთა ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, ვალდებული იქნება ექიმებსა და მედდებს დაუნიშნოს ხელფასი შრომის ანაზღაურების იმ მინიმალური ოდენობით, რომელსაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს.
„აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შრომის მინიმალური ანაზღაურების ოდენობის დასადგენად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სხვა ქვეყნების გამოცდილება შეისწავლა, ასევე გაეცნო ქვეყნის რამდენიმე კლინიკაში არსებულ პრაქტიკას, სადაც ექიმის ხელფასი საათში 5,5-დან 6,2 ლარამდე მერყეობს, ხოლო მედდებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის – ექიმის ხელფასის სხვადასხვა პროცენტს შეადგენს.
ხელფასის მინიმალური ოდენობის პრაქტიკა მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან უკვე მოქმედებს საქართველოს დიდ სახელმწიფო კლინიკებში: თბილისის, ბათუმისა და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში, ასევე ქუთაისის ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ ცენტრში.
აქ მედპერსონალისთვის მინიმალური ხელფასი საშუალოდ 30%-ით გაიზარდა.
ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში 9 ლარი, ექთნის კი 5,6 ლარი გახდება.