სასამართლო რეფორმა: რას ითვალისწინებს კანონპროექტი

პარლამენტის მიერ შემუშავებული ცვლილებები ეხება სასამართლო სისტემის მუშაობისა და მოსამართლეების არჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტის ბიუროში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი შევიდა, რომლის მიზანია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.
სასამართლო რეფორმის განხორციელება და სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთ საკვანძო პირობას წარმოადგენს.
პარლამენტის მიერ შემუშავებული ცვლილებები ეხება სასამართლო სისტემის მუშაობისა და მოსამართლეების არჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
პროექტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების მითითების გარეშე შეიძლება გაიცეს დაინტერესებულ პირებზე, რომლებსაც არ აქვთ წვდომა სრულ საქმეზე, საჯარო ინფორმაციის სახით. გამონაკლისი იქნება სასამართლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც შეიცავს კომერციულ, პროფესიულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას.
„ზედმეტად დაჩქარებულია“ - ვენეციის კომისია „სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე>>>
თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაიცემა, თუ საქმეზე სხდომები დახურული იყო.
ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ 2023 წლის 1 მაისამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. უფრო გვიანი პერიოდის გადაწყვეტილებების გაცემისთვის საჭირო იქნება საქმის ფიგურანტის თანხმობა.
რაც შეეხება მოსამართლეთა არჩევის საკითხს, ცვლილებები ითვალისწინებს საქალაქო/რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებისთვის იგივე წესების შემოღებას, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევისას.
გარდა ამისა, იხვეწება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სარჩელების განხილვის პროცედურა სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, სადაც კანდიდატები მათი შერჩევის პროცესში მათ მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
კერძოდ, თუ საკვალიფიკაციო პალატა დაადგენს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ხელმძღვანელობდა პირადი ინტერესებით, დისკრიმინაციული მიდგომებით ან საკითხი კანონმდებლობის დარღვევით გადაჭრა, მას აღნიშნულ საკითხზე შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით ისევ პარლამენტი დანიშნავს. ამასთან, ერთი კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას ორჯერ ვერ დაიკავებს.
„ეს მოსამართლეების უფლებების დარღვევაა“ - ოპოზიცია ცვლილებებს სასამართლოში გაასაჩივრებს>>>
ასევე ფართოვდება იმ მოსამართლეობის კანდიდატთა სია, რომლებსაც აქვთ უფლება არ ჩააბარონ გამოცდა. თუ მოქმედი კანონმდებლობით საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან მხოლოდ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები თავისუფლდებოდნენ, ახალი პროექტის მიხედვით სია გაფართოვდება.
კერძოდ, გამოცდების ჩაბარებისგან ასევე თავისუფლდებიან საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლეები თანამდებობის დატოვებიდან 10 წლის მანძილზე.
აგრეთვე იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისადმი მოთხოვნები. კანონის მიღების შემდეგ თითოეულმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სასამართლოს მუშაობის საკუთარი ხედვა და საბჭოს მუშაობის შესახებ საკუთარი აზრი.
კანონპროექტი ამოქმედდება პარლამენტის მიერ მისი სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.