თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 123 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 286,8 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი (90,6 ათასზე მეტი ოჯახი) ცხოვრობს.
დევნილებს ბინები საკუთრებაში თბილისში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისში, წყალტუბოში, მცხეთაში, ბათუმში, ახალციხეში, ხობში, მარტვილში, სენაკში, წალენჯიხაში, ფოთში, ჩხოროწყუში, ქობულეთში, გურჯაანში, თეთრიწყაროში, გარდაბანსა და ხაშურში გადაეცემა.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
წყარო - მთავრობის პრესსამსახური