თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. თურქეთის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყზე ოპერაციის Claw-Sword („კლანჭ-ხმალი“) ფარგლებში საავიაციო დარტყმების სერია განახორციელეს, განადგურდა ტერორისტების რამდენიმე ბაზა, იტყობინება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
ოპერაცია განხორციელდა გასულ კვირას სტამბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე საპასუხოდ, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა. გამოძიების ინფორმაციით, ტერაქტთან კავშირშია ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) და მასთან დაკავშირებული ქურთული დაჯგუფებები.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საჰაერო ოპერაცია Claw-Sword“ განხორციელდა ჩრდილოეთ ერაყისა და სირიის ტეროტორიებზე, რომლებსაც „ტერორისტები თურქეთზე თავდასხმების დროს ბაზებად იყენებენ“.
ოპერაციაში მონაწილეობდა 50-ზე მეტი თვითმფრინავი და 20 უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე ჩართული იყო არტილერიაც.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ოპერაცია განხორციელდა „გაეროს წესდების 51-ე მუხლიდან გამომდინარე თავდაცვის უფლების შესაბამისად“.