საქართველოში დღგ-ის დაბრუნებამ შესაძლოა წლის ბოლოსთვის 2 მილიარდ ლარს გადააჭარბოს

დღგ-ის დაბრუნება ეხება ძირითადად საწარმოებს, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში, ასევე კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საქონლისა თუ მომსახურების ექსპორტს საქართველოდან.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფო ბიზნესს დაახლოებით 2,2 მილიარდი ლარის ოდენობის გადახდილი დღგ-ის ზედმეტობას დაუბრუნებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
2020 წლის 17 ნოემბრიდან გადასახადების გადამხდელებს შეუძლიათ მთლიანად აინაზღაურონ დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის დროს წარმოშობილი ზედმეტობა, რომლის დასაბრუნებლად აღარაა საჭირო გადასახადის გადამხდელის დასტური – თითოეულ გადამხდელს თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება იმ საბანკო ანგარიშზე, რაც გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
„ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ წლის განმავლობაში დავაბრუნებდით ორ მილიარდ ლარზე მეტს. ამ სტატისტიკით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიური დაბრუნება იქნება დაახლოებით 2,2 მილიარდი ლარის ფარგლებში. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ბიზნესს უკვე დაუბრუნდა 1,8 მილიარდი ლარი“, - განუცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
მინისტრის განმარტებით, დღგ-ის დაბრუნება ეხება ძირითადად საწარმოებს, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში, ასევე კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საქონლისა თუ მომსახურების ექსპორტს საქართველოდან. ძირითადად ინვესტორი და ექსპორტიორი კომპანიების მხრიდან ხდება დღგ-ის დიდი ნაწილის აკუმულირება.
ხუციშვილის თქმით, დღგ-ის დაბრუნების პრაქტიკა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა გადასახადების კუთხით. მან აღნიშნა, რომ რეფორმამდე დაბრუნების თანხა საშუალოდ 150-180 მლნ ლარს შეადგენდა.
„წლევანდელი 10 თვის მონაცემები, რეფორმამდე არსებული პერიოდის 10 წლის მონაცემზეც მეტია. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა საგადასახადო მიმართულებით, რომელიც განვახორციელეთ და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან კარგი შედეგები აქვს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
2021 წლის განმავლობაში დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემით ბიზნესში საერთო ჯამში 1,93 მილიარდი ლარი დაბრუნდა.