თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) მიერ მიღებული რეზოლუცია უსამართლოა და მიზნად ისახავს ექს-პრემიერისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შანტაჟს, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
EPP-მ ევროკავშირს და დემოკრატიულ პარტნიორებს ივანიშვილის მიმართ ინდივიდუალური სანქციების შემოღებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, EPP მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე გაათავისუფლოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენდირექტორი ნიკა გვარამია.
„ვფიქრობ, მსგავსი დოკუმენტები არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო. როცა ასეთი უსამართლო განცხადებები კეთდება, ვფიქრობ, რომ საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით ხორციელდება, რისთვისაც არაფორმალურ სანქციებს იყენებენ.
ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ფინანსური კონგლომერატი Credit Suisse-ის ტრასტები უარს აცხადებენ ივანიშვილისთვის მისი კუთვნილი თანხის გაცემაზე, რასთან დაკავშირებითაც ივანიშვილმა მათ წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო.
„არაფორმალური სანქციები ისედაც არის დაკისრებული. შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ მოხდეს ამ არაფორმალური სანქციების ფორმალიზება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული მიზნით დააშანტაჟონ“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამ შემთხვევაში საზოგადოება კიდევ უფრო კარგად შეაფასებს, რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის მიზანი, რას მოითხოვენ ივანიშვილისგან, რატომ სთხოვენ მას პოლიტიკაში დაბრუნებას, განაცხადა მან.
„ისინი ივანიშვილს არ იცნობენ, არ იციან, რომ ვერც არაფორმალური და ვერც ფორმალური შანტაჟით მას ვერ შეაშინებენ. მისი ნების საწინააღმდეგოდ ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ აიძულებენ. მათ უნდათ, რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს კონკრეტული მიზნით და ეს არის მეორე ფრონტის გახსნა და ამას, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად ადანაშაულებს ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევის სურვილში. ამასთან, საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა. მეორე ფრონტის გახსნისკენ ხელისუფლებას ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.
გარდა ამისა, კობახიძემ შემაშფოთებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, მისი თქმით, კრიმინალური გაერთიანებაა, EPP-ს შემადგენლობაში შედის.
„ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომელზეც უნდა იდგეს ევროკავშირი“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ევროპის სახალხო პარტია“ ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური პარტიაა. იგი 1976 წელს შეიქმნა და წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტში, ასევე ევროპულ საბჭოში. „ნაციონალური მოძრაობა“ EPP-ს წევრი 2008 წელს გახდა.
ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, ლაპარაკია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე, სადაც ის „ერთადერთ ოლიგარქად“ არის მოხსენებული, „რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან“. ევროკავშირის საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.