თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის დაფინანსების დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოდის და ეს საკითხი ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ასეთი კომენტარი გააკეთა კობახიძემ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომელმაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა და საქართველოს მიმართ სტრატეგიის გადახედვა მოითხოვა.
„დაფინანსების უდიდესი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოდის. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ჩვენთვის ნაკლებად არის საინტერესო... არასამთავრობოები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე არასამთავრობოებმა იდარდონ. ამაზე ჩვენ ვერ ვიდარდებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ უსამართლო კრიტიკას მმართველი ძალისთვის არანაირი ფასი არა აქვს.
„ფასი შესაძლოა ჰქონდეს ისეთ კრიტიკას, რომელსაც კონკრეტული საფუძველი აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება“, – აღნიშნა კობახიძემ.
სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოს უზარმაზარი რეგრესი აქვს.
„მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი (ნაბიჯი) არ ყოფილიყო, მაგრამ, ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შაჰინმა.
მისი თქმით, აშშ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. ვფიქრობ, ამ დახმარების ნაწილი უნდა იყოს საქართველოს ქცევაზე დამოკიდებული, აღნიშნა მან. სენატორმა დასძინა, რომ ხალხმა მთავრობისგან მეტი პასუხისმგებლობა უნდა მოითხოვოს.