თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის მოქალაქე, რომელზეც საქართველოში თავდასხმა იგეგმებოდა, საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი იციკ მოშეა.
სუსმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. უწყების ცნობით, მკვლელობა ირანის მოქალაქემ დაუკვეთა, შემსრულებელი კი პაკისტანის მოქალაქე უნდა გამხდარიყო.
„მე ძალიან მადლობელი ვარ ქართული მხარის, ვინაიდან ეს საშინელი ტერორისტული აქტი აღკვეთეს ჩემ წინააღმდეგ“, – განაცხადა იციკ მოშემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მოშეს თქმით, მან არ იცოდა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა და ამის შესახებ მასმედიიდან შეიტყო, რის შემდეგაც მას პირადად დაურეკა ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა.
„მტრის მოტივაციას ძალიან ბევრი მიზეზი არ სჭირდება. ზოგადად ებრაელების მიმართ მსოფლიოში არის ძალიან დიდი ანტისემიტური აქცია... ამიტომ ყველა ებრაელი ქვეყნის გარეთ არის საფრთხის ქვეშ“, – აღნიშნა მან.
გუშინ საქართველოში ისრაელის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მადლობა გადაუხადა სუსს და აღნიშნა, რომ ირანი ტერაქტების მცდელობას უკვე საქართველოში განაგრძობს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანში მყოფმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქართველოში გამოგზავნა პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა.
საქართველოში ჩამოსვლამდე მას ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი, მიაწოდეს ინფორმაცია მკვლელობის ობიექტზე. პაკისტანის მოქალაქე საქართველოში მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს და ახორციელებდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტების ფარულ შესწავლას, მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს.