მსოფლიო დღეს

თურქი პოლიტიკოსი: ტერაქტის ბრძანება აშშ-დან გაიცა

Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სტამბულში ტერაქტის მოწყობის ბრძანება აშშ-დან გაიცა, მიაჩნია თურქული პარტია „სამშობლოს“ ლიდერს დოგუ პერინჩეკს.
მისი თქმით, თურქეთში გამოძიების შედეგებს ელოდებიან, მაგამ უკვე „ახლაა ნათელი, ვინც დგას ამ შეტევის უკან“.

„შეტევის უკან მდგარი ძალა აშკარაა. რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასაც არ უნდა გამოეკრა ხელი სასხლეტისთვის, ბრძანებას აშშ იძლევა“, — აღნიშნა პერინჩეკმა თურქეთის ნაციონალური ტელევიზიით გამოსვლისას.

მანამდე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ანკარა არ იღებს ვაშინგტონის სამძიმარს ტერაქტთან დაკავშირებით, რომელიც კვირას მოხდა სტამბულში, ისთიქლიალის ქუჩაზე.
მინისტრის თქმით, ანკარაში კარგად იციან, სად ხდებოდა თავდასხმის კოორდინაცია, და მან შეახსენა საზოგადოებას, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ქურთისტანის მუშათა პარტიას, რომელსაც ადანაშაულებს კიდეც ანკარა კვირას მომხდარ ტერაქტში.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა ტერაქტში აშშ-ის ჩართულობაზე მიანიშნა, მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რა მტკიცებულებები აქვს თურქეთის ხელისუფლებას შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
ბოლო მონაცემებით, კვირას მომხდარი ტერაქტის საქმეზე ამ დროისათვის უკვე 46 პირია დაკავებული. მათ შორისაა ქალი, რომელიც აფეთქების შესრულებაშია ეჭვმიტანილი. ვიდეოში, რომელიც გამოძიებამ მოიპოვა, ჩანს, როგორ ზის ქალი ქუჩის მერხზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, აფეთქების შემდეგ კი უკანმოუხედავად გარბის ისე, რომ ტელეფონის ეკრანს თვალს არ აშორებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ქალი სირიის მოქალაქეა. მან უკვე აღიარა კავშირი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.