პოლიტოლოგი: „საბოლოოდ მოკვდა და ვერაფერი გააცოცხლებს“

დაპირისპირება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თანდათანობით უფრო მწვავდება.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკვე საბოლოოდ მკვდარია და მას ვერანაირი არჩევნები ვერ გააცოცხლებს, მიიჩნევს პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება სულ უფრო იზრდება. პარტიის ლიდერთა ნაწილი ღიად აკრიტიკებს პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას, მიანიშნებს მის დაბალ ლეგიტიმაციაზე და დაჟინებით მოითხოვს შიდა არჩევნების ჩატარებას. ასეთ არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა მელიამ უკვე გამოთქვა.

„სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ მოკვდა და ვერანაირი არჩევნები ვერ გააცოცხლებს. „ვითომ სიცოცხლეს" სიკვდილი ჯობდა, გვირგვინს მაინც დავდებთ. თან გვეცოდინება, რომ მზისქვეშეთში ადგილი გათავისუფლდა“, – დაწერა ბარნოვმა.

პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ უფრო სავალალო ისაა, „მკვდარი ენმ-ის ადგილზე ახალიც ვერაფერი ამოვა“. „მკვლელებს არ ჩამოვთვლი, თუმცა ვისაც მელია მკვლელი ჰგონია, ცდება“, – მიიჩნევს ექსპერტი.
ბარნოვის თქმით, ენმ-ის დამფუძნებელმა, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სამწუხაროდ, ვერ გაიაზრა ფაქტი, რომ პარტია დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. „საბოლოოდ, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალიც მკვდარს გაანიავებინა“, – წერს ბარნოვი.
„ეს უდიდესი შეცდომაა, არც ვიცი, როგორ უნდა დაუშვას მიშასნაირმა გამოცდილმა პოლიტიკოსმა ასეთი კატასტროფა, მაგრამ ლაპარაკი გვიანია... აღარც აზრი აქვს. მკვდარი მკვდარია. გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად. ასეა თუ ისე, ადგილი ცარიელი არ დარჩება“, – აღნიშნა ბარნოვმა.
„ეს დასასრულია": წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაზე>>
ექსპერტი გია ხუხაშვილი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება, ეს სახელმწიფოს წაადგება. ამასთან, ექსპერტმა სიმპათია გამოთქვა ოპოზიციური პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის მიმართ.
„მელია მე მომწონს. მეჩვენება, რომ მას შეუძლია რაციონალური აზროვნება. მას აქვს უნარი, ითანამშრომლოს დანარჩენ ოპოზიცასთან. მას არ აქვს იდეა-ფიქსი, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ ერთადერთი და განუმეორებელი და ყველა მის ორბიტაზე უნდა ტრიალებდეს. მომწონს მისი მიდგომები", – განაცხადა ხუხაშვილმა.
ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
„ქართული ოცნება“: სააკაშვილი „ნაცმოძრაობას“ დაშლამდე მიიყვანს>>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
ამ ყველაფერმა სტაგნაცია გამოიწვია. პარტიის ლიდერთა ნაწილმა ღიად გამოთქვა უკმაყოფილება მელიას მიმართ. შედეგად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს