მსოფლიო დღეს

ტერაქტი სტამბულში: პოლიციამ ქუჩაზე ბომბის დამტოვებელი დააკავა

Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი − Sputnik. თურქეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც სტამბულის ისთიქლიალის ქუჩაზე ბომბის დატოვებაშია ეჭვმიტანილი, რასაც შემდეგ აფეთქება მოჰყვა, იუწყება გამოცემა TRT World შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებაზე დაყრდნობით.

„სტამბულის პოლიციამ ბომბის დამტოვებელი დააკავა. მანამდე კიდევ 21 ადამიანია დაკავებული“, − აღნიშნა სოილუმ.

მისი თქმით, პირვანდელი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ აფეთქების უკან ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) და სახალხო თავდაცვის ქურთული რაზმები (YPG) დგანან. ორივე ეს ძალა თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის ცნობილი.
სტამბულის ისტორიულ ქუჩაზე აფეთქება კვირას მოხდა, რასაც 6 ადამიანი − სამი ზრდასრული ქალი, ერთი 9 წლის გოგონა და ორი მამაკაცი ემსხვერპლა, ხოლო 81 ადამიანი დაშავდა. ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და გამოძიება დაიწყო, რაშიც ხუთი პროკურორი ჩაერთო.
ამ დროისათვის 39 დაშავებული უკვე გაწერილია საავადმყოფოებიდან. დარჩენილი 42 პაციენტიდან ხუთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი, რომელთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.