საქართველო ზამთრის საკურორტო სეზონისთვის ემზადება

ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ტრადიციულად, დეკემბრის მეორე ნახევრიდან იხსნება.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პროფილური უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები სათხილამურო კურორტ გუდაურში შეიკრიბნენ და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხები განიხილეს, იუწყება მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
შეხვედრის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტო, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და მთის კურორტების ბიზნეს-ასოციაცია.
შეხვედრაზე განიხილეს სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და კოორდინირებული მუშაობის საკითხები, რაც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს, ნათქვამია განცხადებაში.

„უწყებებს შორის ფუნქცია-მოვალეობები კარგად არის განაწილებული, შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ 2022-2023 წლის ზამთრის სეზონს ღირსეულად შევხვდებით“, – განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

მთის კურორტების ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა გეგა სალუქვაძემ იმედი გამოთქვა, რომ გუდაურის შეხვედრა შედეგებს უახლოეს მომავალში მოიტანს.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).
ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს