თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო სპორტის ფედერაციის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა უნდა შეაფასოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
2023 წლის თებერვალში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მიიღეს. 16 თებერვალს სპორტსმენები კურორტზე პირველ ვარჯიშს გამართავენ, ძირითადი შეჯიბრებები კი 18 თებერვლიდან დაიწყება.
უწყების ინფორმაციით, ჯგუფის ხელმძღვანელი მიშელ ვიონი დღეს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხი, ასევე კურორტ ბაკურიანის, როგორც ევროპული რანგის სამთო-სათხილამურო კურორტის მომავალი.
„საქართველოს მთავრობის მიერ ბაკურიანში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ბაკურიანი მომავალში შეიძლება საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინსპექტირება წარმატებით დასრულდება“, - შეხვედრის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საბოლოოდ, ბაკურიანი გახდება „ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები - აშენდა სამი ახალი საბაგირო, მოწყობილია ხელოვნური გათოვლიანების ახალი სისტემები, შეძენილია სპეციალური აღჭურვილობა და უსაფრთხოების საშუალებები, აშენდა ექვსი ახალი ტრასა.