თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.
პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით.
ქულების დარიცხვა დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში.
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეადგენს თხილის კადასტრს, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
ადრე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც დადგა დარგის მხარდაჭერის აუცილებლობა.
მისი თქმით, 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო შემცირდა თხილის წარმოების მოცულობა, მისი ხარისხი და ექსპორტი. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო. 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
თუმცა, მინისტრის თქმით, 2022 წელს ფერმერებმა სათანადო შემოსავალი ვერ მიიღეს. მიზეზი კლიმატური პირობებია, რის გამოც სათანადოდ ვერ განახორციელეს თხილის მოვლის ღონისძიებები და, შედეგად, მოსავლიანობამ და პროდუქტის ხარისხმა იკლო.