თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბულში ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აფეთქება კვირას ნაშუადღევს სტამბულის ცენტრში, საცალფეხო ტურისტულ ქუჩაზე - ისტიკლალზე მოხდა. ქალაქის გუბერნატორმა ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები.
უწყების ინფორმაციით, სტამბოლში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.
„ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
სტამბულში მომხდარი აფეთქების შესახებ ბოლო ინფორმაცია პრეზიდენტმა ერდოღანმა გაავრცელა. ერდოღანის განცხადებით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი აფეთქების შემდეგ სტამბულში გაემგზავრნენ, იუწყება Sputnik-თურქეთი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 4 დაღუპულისა და 38 დაშავებულის შესახებ.
თურქეთის ხელისუფლებამ ტელეარხებს აფეთქების ადგილიდან ტრანსლაცია აუკრძალა. ამის შესახებ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის უმაღლეს საბჭოში განაცხადეს.