თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს შეინარჩუნოს თავისი გავლენა „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ ამით ის პარტიას განხეთქილებამდე მიიყვანს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა კრიზისმა პიკს ამ კვირაში მიაღწია და პარტიამ უკვე ღიად განაცხადა ხელმძღვანელობის, მათ შორის პოლიტიკური ძალის თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეცვლის შესახებ.
„როდესაც ეს შიდა დაპირისპირება ხდება, რეალურად მიხეილ სააკაშვილი დიდად არავის აღარ ახსოვს, მაგრამ სააკაშვილს, თავისი პოზიციონირება რომ შეინარჩუნოს, ფაქტობრივად მისი ოჯახის წევრი ჩალაძე გამოჰყავს ერთ-ერთ კონკურენტად. ამ კონტექსტიდან გამომდინარე ვხედავთ და ამას ყველა აღიარებს, რომ... პარტია უმწვავესი კრიზისის წინაშე დგას“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე კრიზისი პარტიის პოლიტიკური ორბიტიდან გაქრობას გამოიწვევს.
„ეს პროცესები აუცილებლად ამ პარტიის დაშლამდე მიიყვანს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ეს პარტია პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრება ისე, რომ ვეღარასოდეს იარსებებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
დღეისათვის ცნობილია, რომ თავმჯდომარის პოსტზე ჩალაძის გარდა კენჭს იყრიან ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და არაერთხელ განაცხადეს ინტერვიუში, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასობაში მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტი იყო, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
ამ ყველაფერმა სტაგნაცია გამოიწვია. პარტიის ლიდერთა ნაწილმა ღიად გამოთქვა უკმაყოფილების მელიას მიმართ. შედეგად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.