თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ციურიხში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გახსნა, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
მემორიალური დაფა ჩხენკელმა ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან ერთად გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე.
საზეიმო ღონისძიებაზე ჩხენკელმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა ქართველი პროფესორის, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის კიტა ჩხენკელის წვლილზე ქართულ–შვეიცარიული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.
„პროფესორი კიტა ჩხენკელი მსოფლიოში აღიარებული ლინგვისტი გახლდათ. მისი ოცნება იყო, ევროპელებს გაეცნოთ საქართველოს მდიდარი ისტორია და შეესწავლათ ქართული ენა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლების მინისტრის თქმით, პროფესორის დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, მისი ოცნება ახდა და ციურიხის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა გაიხსნა, რომელიც ქართველოლოგიის მძლავრ ცენტრად გადაიქცა. კიტა ჩხენკელმა შესანიშნავი შვეიცარიელი სპეციალისტები აღზარდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ციურიხის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა აღდგეს და განვითარდეს.
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესორის მიერ ქართული ენის სახელმძღვანელოს შექმნაზე და ქართულ-გერმანული ლექსიკონის გამოცემაზე, რაც ქართველოლოგიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა.
„საკუთარი სამეცნიერო საქმიანობით კიტა ჩხენკელმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოსა და შვეიცარიას შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, წელს საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება და სიმბოლურია, რომ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფის გახსნა სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.
ქართველი ენათმეცნიერისა და ქართველოლოგის, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა განათავსეს იმ შენობის ფასადზე, სადაც ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. მეცნიერი 1963 წელს გარდაიცვალა.
ამ შენობაში იყო ასევე ქართული გამომცემლობა „ამირანი“, სადაც იბეჭდებოდა მისი ნამუშევრები და ქართული ლიტერატურის სხვა ნიმუშები თავად კიტა ჩხენკელის ტიპოგრაფიული შრიფტით.