სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევები სხვა კლინიკაში ჩაუტარეს

პატიმარ ექს-პრეზიდენტს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედი“ დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით დატოვა, განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. სააკაშვილი უკვე გასინჯა რამდენიმე უცხოელმა ექსპერტმა, რომლებიც მისი ადვოკატების ინიციატივით მოიწვიეს.

„კვლევაზე გვყავდა გადაყვანილი. კვლევა დასრულებულია და პაციენტი ადგილზეა. რაც იყო რეკომენდირებული ჩვენი კონსულტანტების მიერ, ჩაუტარდა შესაბამისი „ემერაი“ კვლევა“, – განაცხადა ჩხაიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება „ვივამედში“ ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო.
როგორც მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, სავარაუდოდ, დაუდგინდა დემენცია და ტუბერკულოზი, აგრეთვე კიდევ 34 დაავადება. ადვოკატმა ასევე დასძინა, რომ საბოლოო დიაგნოზი ჯერ დადგენილი არ არის.
რატი ბრეგაძე: სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით არაეთიკურია>>
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს