პროფესია, რომლითაც სიცოცხლეს ემსახურები

მას ბევრი პაციენტი ემადლიერება, ისინი თავის მადლიერებას ხშირად იმით გამოხატავენ, რომ წლობით ნანატრ შვილს მის სახელს არქმევენ.
Sputnik
საუბარია „იმედის კლინიკის“ მეან-გინეკოლოგ ნინო სამხარაძეზე, რომელიც საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრია და მუშაობს ისეთ პრობლემურ თემაზე, როგორიცაა უნაყოფობა.
ნინო სამხარაძე
- ქალბატონო ნინო, ექიმობა თქვენი ბავშვობის ოცნება იყო?
- დიახ და სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრია. ჩემს ცხოვრებაში იყო პოსტდიპლომური, ხუთწლიანი პრაქტიკული სწავლების პერიოდი, რასაც რეზიდენტურა ჰქვია და რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს მეან-გინეკოლოგი ვარ, ვამშობიარებ, საკეისრო და გინეკოლოგიურ ოპერაციებს ვაკეთებ. ასევე ამბულატორიულად მყავს ორსულები და გინეკოლოგიური პაციენტები.
ნინო სამხარაძე ახალშობილთან ერთად
- დედობა როგორ ცვლის ადამიანს?
- დედობა სრულიად ცვლის ქალს როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად. იცვლება ადამიანის მიზნები და მისწაფებებიც. დედობის მერე ქალი გრძნობს, რომ შვილისთვის შეუძლებელსაც შეძლებს. მე დაოჯახებული არ ვარ, შვილი არ მყავს, მაგრამ იმდენჯერ ვარ დედა-შვილის პირველი შეხვედრის მომსწრე, რომ ზუსტად ვიცი, ეს რა გრძნობაა.
ნინო სამხარაძე
- რა იწვევს ძირითადად უშვილობის პრობლემას?
- მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, უნაყოფობის წილი 10-15%-ია. მცდარია შეხედულება, როდესაც უშვილობას მხოლოდ ქალის პრობლემად განიხილავენ, ეს წყვილის პრობლემაა. უნაყოფობა შეიძლება იყოს ორგანული, ფუნქციური, იმუნური, გენეტიკური ან უცნობი გენეზისის. დედობას ყველა ქალი იმსახურებს და თანამედროვე დამხმარე რეპროდუქტიულმა საშუალებებმა შვილის ყოლის ბედნიერება ბევრ წყვილს მიანიჭა.
ნინო სამხარაძე კოლეგებთან ერთად
- კიდევ რა სახის პრობლემა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი?
- არცთუ იშვიათია ფსიქოგენური უნაყოფობა. როდესაც ქალის ფიქრები მხოლოდ ორსულობაზე კონცენტრირდება და არ დგება ის ეტაპი, რომელიც ყველაზე სასურველია. ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპევრის როლი უმნიშვნელოვანესია.
ნინო სამხარაძე "იმედის კლინიკის" კოლეგებთან ერთად
- გავიგე, რომ მადლიერი პაციენტები თავის ნანატრ შვილს ხშირად თქვენს სახელს არქმევენ...
- როცა ქალი მისთვის ძვირფას არსებას ექიმის სახელს არქმევს, ეს პატივისცემის ყველაზე დიდი გამოვლენაა. ჩემ შემთხვევაში ასეთი ფაქტი რამდენჯერმე იყო და ეს ხომ იმის გარანტიაა, რომ ყოველთვის ემახსოვრება ექიმის წვლილი მის ბედნიერებაში. ექიმისთვის მადლიერების გამოხატველი სიტყვები ძალიან დიდი სტიმულია, გავიწყებს დაღლას და გაძლევს იმის ენერგიას, რომ მუშაობა შემართებით გააგრძელო. ექიმობა სიცოცხლის სამსახურია, მეან-გინეკოლოგები ერთდროულად ორ ან მეტ სიცოცხლეს ვემსახურებით. ამაზე მადლიანი პროფესია არ არსებობს...
ნინო მამულაშვილი