1 დეკემბრიდან ძალადობის მსხვერპლნი და მათი ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში კომპენსაციას ძალადობის ჩამდენი პირისგან ამოიღებენ.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ოჯახური ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლ პირებს მოსამართლეები ფულად კომპენსაციას დაუნიშნავენ, მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე.
კომპენსაციის ოდენობა 10 ათას ლარამდე იქნება და იგი ოჯახური ძალადობის შედეგად დაღუპული ქალების შვილებს ან თავად ძალადობის მსხვერპლებს გადაეცემათ. კომპენსაციის ზუსტ ოდენობას სასამართლო განაჩენის გამოტანისას მიუთითებს.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, კომპენსაციას ძალადობის ჩამდენი პირისგან ამოიღებენ. სახელმწიფო გადაიხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის ჩამდენი პირისთვის ჩამორთმეული ქონების ღირებულება განსაზღვრული კომპენსაციის 40%-ზე ნაკლები იქნება.
ძალადობა ქალების მიმართ: „საქსტატის“ კვლევა დაიწყო>>>
კომპენსაციის მისაღებად მსხვერპლად აღიარებულმა პირებმა ან მათმა შვილებმა უნდა მიმართონ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, სადაც უნდა წარადგინონ მთელი რიგი დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება კომპენსაციის გადახდის შესახებ.
ძალადობის მსხვერპლები ან მათი შვილები კომპენსაციის მოთხოვნას სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სამი წლის მანძილზე შეძლებენ.