თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. დამტკიცდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან ავიაკომპანიების ფრენების განრიგი ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის – 2022 წლის 30 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 მარტამდე, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, კვირაში საშუალოდ 390 რეისი შესრულდება, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. ამის პარალელურად სააგენტო აგრძელებს ავიაკომპანიების მოთხოვნების მიღებას დამატებითი რეგულარული და სეზონური მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების შესახებ.
რეგულარულ სამგზავრო რეისებს 41 ავიაკომპანია მსოფლიოს 31 ქვეყანაში 61 მიმართულებით განახორციელებს.
საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტია: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება, საიდანაც თვითმფრინავები 32 მიმართულებით იფრენენ.
რეისების რაოდენობით მეორე ადგილზეა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც ფრენები 26 მიმართულებით შესრულდება.
ზამთრის პერიოდში ყველაზე ნაკლები რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება – სულ 3 რეისი.
ამას გარდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2022-2023 წლის ზამთრის სეზონზე კომპანიები Cargolux და Turkish Cargo რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებენ რამდენიმე მიმართულებებით: ბაქო, ლუქსემბურგი, სტამბული, იზმირი.