ობიექტური თუ აბსურდული? როგორ შეაფასეს საქართველოში ევროპარლამენტის კომიტეტის ანგარიში

კომპრომისულ შესწორებებში აღარ არის საუბარი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, თუმცა არის რეკომენდაცია „გადაჭარბებული გავლენის“ საკითხის გადასაჭრელად.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ განსხვავებულად შეაფასეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ კომპრომისული შესწორებებით მიღებული ანგარიში.
ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს პოლიტიკურ გარემოში ღრმა პოლარიზაციის გამო, რასთან დაკავშირებითაც ევროპარლამენტის დეპუტატებმა პოლიტიკოსებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა საფრთხე არ შეუქმნან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ მიზანს ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით.

„როცა ისინი ფარისევლურად ამბობენ, რომ საქართველოში მხოლოდ დემოკრატია უნდათ და სხვა არაფერი აინტერესებთ, ეს არის თვალთმაქცობა... საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობაზე და მმართველი პარტიის დამფუძნებელზე, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმები „ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებშია“.
კომპრომისულ შესწორებებში აღარ არის საუბარი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თაობაზე, თუმცა მოცემულია რეკომენდაცია რეფორმების გზით მოგვარდეს კერძო ინტერესების, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის „გადაჭარბებული გავლენა“ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
რატი ბრეგაძე: „საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს“>>>
„ამბობენ, უნდა შევამციროთ ბიძინა ივანიშვილის გავლენა საზოგადოებაზე, პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ჩვენ ვკითხულობთ: როგორ შევამციროთ? ალბათ, ბიძინა ივანიშვილზე არ უნდა დავსვათ კითხვები, არ უნდა ვუპასუხოთ. და რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილზე, მით უფრო იზრდება მისი გავლენა ხალხზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მსგავს დოკუმენტებს კონკრეტიკა აკლია და „უკვე აბსურდის მსგავსი ხდება“. მეტიც, ისინი იმ ჯგუფის „შურისძიების გაგრძელებაა“, რომელსაც ყველაზე ნაკლებად აინტერესებს საქართველოს ინტერესები.
„უკვე აშკარა გახდა, რომ ივანიშვილზე შეტევა – ესაა თემა, რომელიც შესწორებებში მთავარი საკითხია და რომელიც თავისი შინაარსით უსამართლოა“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად მოუწოდებენ საქართველოს ომში ჩართვისკენ, ევროპარლამენტი ერთ-ერთ დამხმარე რესურსად სჭირდებათ.

„ეს ადამიანები ყოველდღიურად მოუწოდებენ საქართველოს, რომ ჩაერთოს ომში და თუ არ ერთვება, ეს იმის ბრალია, რომ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში და ეს უნდა შეიცვალოს. ეს არის თემა, რომლის შეკვეთაც მიღებული აქვს ევროპარლამენტს და მუდმივად ამ თემაზე მიმდინარეობს პედალირება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მმართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ დასკვნას უწოდა მიკერძოებული, რეალობას მოკლებული და სასამართლო სისტემის მუშაობაში ჩარევის მცდელობა.
მისი თქმით, ჩარევის მსგავსი მცდელობები „სრულიად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც თავად ევროკავშირი დგას, და ღირებულებებს, რომლებიც ასახავს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის სტანდარტებს“.
საქმე ისაა, რომ ევროდეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ჰუმანიტარული მიზნით გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ. ამასთან, კომპრომისულ ვარიატში აღარ არის ნათქვამი, რომ სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი პირობაა.
დეპუტატი: „ნაცმოძრაობის" ლობისტები ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას>>>
მიღებულ ანგარიშში ასევე საუბარია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენდირექტორის ნიკა გვარამიას საქმის გადახედვის აუცილებლობაზე. „რუსთავი 2“-სთვის (როდესაც იგი გენდირექტორი იყო) 6,8 მლნ ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
ანგარიშში ასევე საუბარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ „პოლიტიზებული მართლმსაჯულების აშკარა დემონსტრირებაზე“.
სასამართლომ ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7–7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. სასამართლოს განაჩენი ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საფუძველი გახდა.
ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც მსგავს ცვლილებებს ახორციელებენ, ლუსტრირებენ საკუთარ თავს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.

„ძალა ევროპაშია. თუმცა იმ ევროპაში, რომელიც მისი წარმომადგენლებით პოზიციონირებდა როგორც საქართველოს და ქართული სახელმწიფოს მეგობრად და არა რომელიმე ვიწრო პარტიული ჯგუფის ინტერესების გამტარებლად... სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით ჩვენ ისეთ რეზოლუციებს ვხედავთ, რომელიც გროშადაც არ ღირს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

სხვა მოსაზრებისაა ოპოზიციური სპექტრი.
„ეს არის პირველი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი იმ პროცესში, როდესაც ჩვენ ველოდებით შეფასებებს ევროკავშირის მხრიდან, სადაც საუბარია არა თუ წარმატებასა და პერსპექტივაზე, არამედ უკუსვლაზე და რეგრესზე“, – განაცხადა პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია იმაში, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკომისიის მიერ შედგენილი 12 პირობის შესრულებას.
„პირიქით, ამ ოთხი თვის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ რიგი ნაბიჯები გადადგა, რაც რეკომენდაციების არსს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
რატი ბრეგაძე: სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით არაეთიკურია>>>
„ჩვენს ქვეყანაში არსებობს პოლიტიზირებული მართლმსაჯულების სისტემა. „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა ფაქტობრივად ყოველდღიურად აშორებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების ამოცანისგან“, – განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა.
გუშინ მიღებული დოკუმენტი შეაფასა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.

„12 რეკომენდაცია, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, ერთობლივი მუშაობისკენ მოწოდება – ესაა ჩამონათვალი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია. და ეს კიდევ ერთხელ წარმოადგენს საქართველოს მხარდამჭერ ანგარიშს, სადაც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარდა, არის საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა“, – განაცხადა აქუბარდიამ.

2021 წლის აპრილში მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ.
2021 წლის 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. მმართველმა პარტიამ თავისი გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, მის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. თუმცა 2 სექტემბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დოკუმენტს მაინც შეუერთდნენ.