მზარდი ეკონომიკის შირმის უკან: რატომ მიდიან ქართველები ქვეყნიდან?

საქართველოს ეკონომიკა ზრდის ტენდენციას განაგრძობს. ამის მიუხედავად რიგითი მოქალაქეები სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ თავი ძლივს გააქვთ და იძულებული არიან, შემოსავლის ძიებაში ქვეყნიდან გაემგზავრონ.
Sputnik
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს კვლევის მონაცემების თანახმად, 2010 წლიდან 2020 წლის ჩათვლით საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861.000 ადამიანი შეადგინა (ქვეყნის მოსახლეობის 23%).
2022 წელს ემიგრანტების რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არის, მაგრამ მიმდინარე წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3.688.600 ადამიანს შეადგენს, რაც 2021 წლის 1 იანვრის მონაცემებზე 1%-ით ნაკლებია.
საქართველოს მოსახლეობა 2017-2021 წლებში (1 იანვრის მდგომარეობით)

წელი

მოსახლეობის რაოდენობა, ათასი ადამიანი

ემიგრანტების რაოდენობა, ათასი ადამიანი

2017

3.726,4

85,5

2018

3.729,6

98,9

2019

3.723,5

105,1

2020

3.716,9

74,2

2021

3.728,6

100,0

სად მიემგზავრებიან ქართველები უკეთესი ცხოვრებისთვის, რატომ გრძელდება ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, და რა შედეგებს უნდა ველოდოთ – მიგრაციული კრიზისის არსში გარკვევას „Sputnik-საქართველო" შეეცადა.
ისტორიები საერთო ლაიტმოტივით
გასული ათწლეულის განმავლობაში – 2010-2020 წლებში რუსეთი ქართველი ემიგრანტების დანიშნულების ძირითადი პუნქტი იყო. ამ პერიოდში რუსეთში 450.000 ადამიანი გაემგზავრა.
მომდევნო ადგილზე ქართველი ემიგრანტებისთვის არის საბერძნეთი (85.000), შემდეგ მოდიან უკრაინა (65.000) და აზერბაიჯანი (49.000).
ეს დემოგრაფიული პრობლემაა.
ჯერ კიდევ 2019 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ამტკიცებდა, რომ თუ საქართველოში დემოგრაფიული სიტუაცია არ შეიცვლება, 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 2.985.000-მდე შემცირდება.
საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის ისტორიები განსხვავებულია, თუმცა ლაიტმოტივი ყველას მსგავსი აქვს – არასაკმარისი შემოსავალი, პერსპექტივის არარსებობა და ოჯახების უკეთ უზრუნველყოფის სურვილი.
დავით დ. საქართველოდან ექვსი წლის წინ გაემგზავრა. მიატოვა ნორმალური (ადგილობრივი საზომით), 1500-ლარიანი სამსახური სამართალდამცველ ორგანოებში. გამგზავრებისას იყო 30 წლის და, მისი სიტყვებით, საქართველოში კარიერული ზრდისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივას ვერ ხედავდა.

„მაშინ არც ისე ცუდი ხელფასი მქონდა, მაგრამ, დამიჯერეთ, თვიდან თვემდე ძლივს გვყოფნიდა. დედა შეკვეთით ტორტებს აცხობდა, და-ძმა უმაღლესში სწავლობდა, ფული მხოლოდ კომუნალური გადასახადებისა და საკვებისთვის გვყოფნიდა. განა ეს ცხოვრებაა?!“ – ამბობს დავითი.

საბოლოოდ გადაწყვიტა აშშ-ში გამგზავრება, სადაც ტრაილერის მძღოლად მუშაობს და, მისი თქმით, საკმაოდ კარგი შემოსავალიც აქვს (ზოგჯერ თვეში 7-8 ათასი დოლარიც გამოსდის). სამშობლოში დაბრუნებას დავითი ჯერ არ ფიქრობს.
„აქ უზომოდ რთულია, – ჰყვება დავითი, – დიდი მოთმინება და გამძლეობაა საჭირო, მაგრამ, იცით, ყველაფერს გინაზღაურებენ. საქართველოში კი რამდენიც არ უნდა იშრომო, მაინც ვერ გამოიმუშავებ იმდენს, რომ, საკვებისა და კომუნალურის გარდა, სხვა რამისთვისაც გეყოს. ძმაც ჩამოვიყვანე. თუ იმდენს ვიშოვით, რომ დაბრუნება შევძლოთ, დავბრუნდებით“.
დღეს საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, რომლის ახლო თუ შორეული ნათესავი საზღვარგარეთ სამუშაოდ არ არის წასული.
სწორედ ამიტომ 21 წლის ძიუდოს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური უსაზღვროდ ბედნიერი იყო, როდესაც საქართველოს მთავრობისგან ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ჯილდოს სახით მილიონი ლარი მიიღო. ამ ფულით მან პირველ რიგში სამშობლოში დააბრუნა ბებია, რომელიც იძულებული იყო, რამდენიმე წლის წინ სამუშაოდ ქვეყნიდან წასულიყო.
„17 წელი ვიყავი...“ – რა ტრაგედიამ აიძულა ლაშა ბექაურის ბებია ემიგრაციაში წასულიყო
ემიგრანტი მწერალ თემო რეხვიაშვილის ოჯახშიც ჰყავთ. მწერალმა სექტემბერში წიგნისთვის „კურიერის ამბები“ „საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო.
ახალგაზრდა მწერალმა თავისი ჯილდო მიუძღვნა ემიგრანტ დედას და უმუშევარ მამას.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ თავადაც აპირებს დატოვოს საქართველო, სადაც ხელოვნურადაა გაბერილი მედიკამენტების ფასები, არანორმალურად მაღალი საბანკო პროცენტებია, უმოქმედო შრომის კოდექსია და ბევრი სხვა რამ აწუხებს ხალხს და ამოსუნთქვის შესაძლებლობას არ აძლევს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას.
რას ფიქრობენ ექსპერტები?
დემოგრაფი სოსო არჩვაძე ირწმუნება, რომ საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია უფრო საიმედო ჩანს, ვიდრე დემოგრაფიული ვითარება.
მისი თქმით, ბოლო ათწლეულში საქართველო სამუშაო ძალის აქტიური ექსპორტიორი გახდა. ეს ნიშნავს, რომ მიგრაციას საქართველოდან უარყოფითი მაჩვენებელი აქვს – ქვეყნიდან გადის უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე შემოდის.
და ეს ტენდენცია „ცოცხლობს“, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ 1990-იანი წლების დასაწყისთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობა 5,5 მილიონიდან 3,7 მილიონამდე (33%-ით) შემცირდა.

„დღეს საქართველოში თითქმის 1,8 მლნ ადამიანით ნაკლებია. მათგან მილიონზე მეტი მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლები არიან“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ არჩვაძემ.

მისი სიტყვებით, აღნიშნული სიტუაცია მოსახლეობის საშუალო ასაკის (median age) ზრდას იწვევს (მთელი მოსახლეობა იყოფა ორ თანაბარ ჯგუფად: ერთი ნახევარი ამ ასაკზე უმცროსია, მეორე ნახევარი – უფროსი).
„საქართველოში საშუალო ასაკი დღეს 38 წელს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 1991 წელთან შედარებით შვიდი წლით გაიზარდა (22,6%-ით)“, – განმარტავს იგი.
ნიშანდობლივია, რომ საქართველო მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების მაჩვენებლით ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია.
მსოფლიო ბანკისა და გაეროს მონაცემებით, 1990-დან 2020 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 23%-ით შემცირდა.
სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ამჟამად არსებობს მიგრაციის სხვადასხვა ვექტორი. თუ ადრე ქართული მოსახლეობის ნაკადი რუსეთისკენ მიემართებოდა, ახლა რუსეთის წილი საგრძნობლად შემცირდა და მიგრანტები უფრო ხშირად ევროპისა და აშშ-სკენ ისწრაფვიან.
განსხვავებული აზრისაა სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ალექსეი ზუბეცი. მისი სიტყვებით, რუსეთი საქართველოდან მიგრაციის კვლავ მთავარ მიმართულებად რჩება.
„თუ რუსეთში გადადიხართ საცხოვრებლად, იქ არის სერიოზული ეთნიკური სათვისტომო, რომელიც თქვენი სტარტის საფუძველი იქნება: დაგეხმარებიან სამუშაოს, საცხოვრებლის პოვნაში, კავშირების დამყარებაში და ა.შ. მიგრანტებისთვის უფრო ადვილია იქ გადასვლა, სადაც საწყისი ბაზა არსებობს. ამიტომ რუსეთის მიმართულება კვლავ ყველაზე პოპულარულია. შეიძლება ამერიკასა და ევროპაში გამგზავრებაც, მაგრამ იქ თქვენ არავინ გელოდებათ“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ზუბეცმა.
მისი თქმით, რუსეთში შრომით მიგრაციას მრავალი უპირატესობა აქვს ევროპასა და აშშ-თან შედარებით, ვინაიდან რუსეთში სამუშაო ძალაზე დიდი მოთხოვნილებაა.

„რუსეთში ძალიან დაბალია უმუშევრობის მაჩვენებელი. ამიტომ აქ ჩამოსული ადამიანებისთვის საკმაოდ იოლია დასაქმება“, – ამბობს ზუბეცი.

არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთი მილიონამდე ქართველისთვის მეორე სახლია. გარდა ამისა, მეზობელი ქვეყანა ლიდერობს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობითაც.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოს კომერციულ ბანკებში გადარიცხვების ელექტრონული სისტემების მეშვეობით რუსეთიდან $1,135 მილიარდი შემოვიდა – ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 40,3%.
ეს თანხა ოთხჯერ აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.
ლეგალური მიგრაცია საქართველოდან შვეიცარიაში: მხარეებმა მემორანდუმი გააფორმეს>>
ალექსეი ზუბეცის აზრით, ქართველების მიგრაციის მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის ეკონომიკას თავისი ახალგაზრდობა არ სჭირდება, განსაკუთრებით, განათლებული.
„საქართველოში სერიოზული პრობლემებია. ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობა ახალგაზრდებში 40%-ს აღწევს, – ამბობს ექსპერტი. – ეს ნიშნავს, რომ შრომისუნარიანი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ეკონომიკას არ სჭირდება. ანუ, მიუხედავად ყველა მიღწევისა (საქართველომ კი ნამდვილად მიაღწია წარმატებას თანამედროვე ეკონომიკის მშენებლობაში), ქვეყნის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საჭირო რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნა იმისათვის, რომ ახალგაზრდობისთვის შრომის ბაზარზე ადგილები გამოენახა“.
ექსპერტმა მოიყვანა ამერიკული კვლევითი ცენტრის PEW-ს მონაცემები, რომელთა თანახმად, თითქმის მილიონი ქართველი საზღვარგარეთ ცხოვრობს.
„მილიონი – ძალიან ბევრია. მოსახლეობის მეოთხედია, რომელმაც ვერ დაინახა კეთილდღეობის პერსპექტივა საკუთარ ქვეყანაში“, – განაცხადა ზუბეცმა.
როგორ შეიძლება შენელდეს მიგრაცია?
დემოგრაფიული პროცესების გასაუმჯობესებლად არსებობს პირდაპირი და ირიბი მეთოდები, ამბობს სოსო არჩვაძე.
„პირდაპირი სტიმულირება შეიძლება ვუწოდოთ ბიზნესის კეთების წმინდა ეკონომიკურ პირობებს – წარმოება უნდა იყოს შეღავათიანი და ჰქონდეს პრეფერენციები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ცენტრთან დაშორების ზრდის მიხედვით“, – აღნიშნავს ექსპერტი.
მარტივად რომ ითქვას, ბიზნესი, რომელიც ქვეყნის ცენტრისგან მოშორებითაა, უნდა სარგებლობდეს სხვადასხვა შეღავათით – როგორც დაბეგვრის, ისე კრედიტებით დაფინანსების საკითხში.
ექსპერტის სიტყვებით, სახელმწიფო პოლიტიკა ამ მხრივ უფრო აქტიური და აგრესიული უნდა იყოს.
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზეა>>
მეორე მხრივ, არჩვაძის თქმით, მნიშვნელოვანია მთიან დასახლებებში შობადობის წახალისება, რათა ახალგაზრდებმა იქ ფეხი მოიკიდონ და თავიანთი მეურნეობა აწარმოონ.
„ისინი უნდა იღებდნენ გარკვეულ შეღავათებს, – ფიქრობს დემოგრაფი, – ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენისას სახელმწიფოსგან ერთჯერად დახმარებას, ასევე სოფელში გატარებული ყოველი სასწავლო წლისთვის. ეს პოლიტიკა ახალგაზრდობას სოფლად დააკავებს, სადაც დღეს მეტად სავალალო მდგომარეობაა“.
სოსო არჩვაძის აზრით, რეგიონების მოსახლეობა თითქმის ოჯერ სწრაფად მცირდება, ვიდრე საქართველოს მთელი მოსახლეობა. ეს პრობლემებს ქმნის არა მხოლოდ ეკონომიკურ სეგმენტში, არამედ პოლიტიკურ და სხვა სფეროებში.
შობადობის პრობლემა
სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიცინის განვითარებასთან ერთად დემოგრაფიული ქცევის ფორმაც შეიცვალა: თუ ადრე ოჯახში ბევრი ბავშვი იბადებოდა, მაგრამ ზრდასრულ ასაკს მცირე ნაწილი აღწევდა, ახლა ვითარება განსხვავებულია.
„მაგალითად, XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში ოჯახში 5-6 ბავშვი იბადებოდა, მაგრამ ზრდასრულ ასაკს 2-3 აღწევდა. მედიცინის განვითარებასთან ერთად ეს ფაქტორი მინიმუმამდე შემცირდა. ახლა ნაკლებ შვილს აჩენენ, უმეტესად – ორ-სამს“, – აღნიშნა დემოგრაფმა.
სწორედ ამიტომ შობადობის მაჩვენებელი იმ წლებში უფრო მაღალი იყო. სტატისტიკური გათვლების წესებით, ეს დადებითად აისახებოდა მოსახლეობის რიცხოვნობაზე.
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა: 1990-2022
„მაღალი შობადობა შეიცვალა უფრო ზომიერი ფორმით, ანუ მოსახლეობის რეპროდუქციის პროცესით. სიკვდილიანობის შემცირებით და პარალელურად შობადობის მაჩვენებლის შემცირებით. ამის ხარჯზე მცირდება მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი და ხანდაზმულ ასაკამდე მიღწევის ალბათობა“, – აღნიშნა არჩვაძემ.
თუმცა, ექსპერტის თქმით, აღნიშნული ფაქტი იმაზე უთითებს, რომ დღეს მოსახლეობის დაბერების პროცესი მიმდინარეობს. ანუ ხანდაზმული მოსახლეობის ხვედრითი წონა ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში მატულობს.
მეორე ფაქტორი, რომელიც შობადობაზე მოქმედებს – ქალების აქტიურობაა. დიასახლისის როლის ნაცვლად ქალების უმეტესობამ აქტიური სამუშაო ძალის როლი მოირგო.
მესამე ფაქტორია მიგრაცია. თუ 20-დან 50 წლამდე ასაკის მოსახლეობა დღეს საქართველოში 41%-ს შეადგენს, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წილი საქართველოდან წასულ მიგრანტებს შორის 80%-ს აღწევს.
საქართველოში 2021 წელს სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა>>
ანუ სწორედ ისინი, ვისაც ოჯახის შექმნისა და მოსახლეობის რეპროდუქციის შესაძლებლობა აქვს, ფაქტობრივად, ტოვებენ საქართველოს.
„ბოლო ფაქტორია COVID-19, რომლის გამოც გაიზარდა სიკვდილიანობა და შემცირდა შობადობა. ეკონომიკური კრიზისების ან ასეთი ტურბულენტური ცვლილებების დროს, როდესაც მოსახლეობა გარკვეულწილად კარგავს თავდაჯერებას, როდესაც იზრდება მიმდინარე პროცესებში გაურკვევლობა, ეს პირდაპირპროპორციულად მოქმედებს მოსახლეობის რეპროდუქციაზე. ეს ყველაფერი ერთობლიობაში იძლევა იმ უარყოფით ეფექტს, რომელიც ახალშობილებთან შედარებით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაში აისახება“, – ასკვნის არჩვაძე.
თუმცა, შობადობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო პანიკის დათესვა მაინც არ ღირს, ფიქრობს ალექსეი ზუბეცი.
ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები საქართველოში
მისი სიტყვებით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი – 73 წელზე მეტი. ამასთან, საქართველოში არსებობს ბალანსი სიკვდილიანობასა და შობადობას შორის: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში ქალს, საშუალოდ, ორი შვილი უჩნდება, რაც მოსახლეობის რეპროდუქციის გარანტიაა.
გზად „ევროპული ოჯახისკენ“?
ბალტიისპირეთის ქვეყნები – ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეეჯახენ მოსახლეობის დეპოპულაციისა და მასობრივი ემიგრაციის პრობლემას.
ღია წყაროების ინფორმაციით, ყველაზე ცუდი სიტუაცია ლიეტუვაშია. 2005 წელს, ევროკავშირში გაწევრიანებიდან ერთ წელიწადში ქვეყნიდან თითქმის 58.000 ადამიანი გაემგზავრა. 2005-2016 წლებში ქვეყანა 370.000-მა ადამიანმა დატოვა. ემიგრაციის დინამიკა დღემდე მაღალია.
როგორც არჩვაძემ განმარტა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა 2000-იანების დასაწყისში ევროპული სამუშაო ძალის საერთო ბაზარზე თავისუფალი წვდომის მიღების შემდეგ წაახალისეს თავიანთი მოქალაქეების უფრო განვითარებულ ქვეყნებში გამგზავრება.
„ბალტიისპირეთისა და საქართველოს მოსახლეობების რიცხოვნობის შემცირების პროცენტს თუ შევადარებთ, თითქმის თანაბარი იქნება, – ამბობს ექსპერტი. – საქართველო ფორმალურად არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ დემოგრაფიული ცვლილებების პროცესი პრაქტიკულად იმ დემოგრაფიული პროცესის ასლია, რომელიც გაერთიანების ამ ქვეყნებში მიმდინარეობს. დემოგრაფიული რეპროდუქციის საკითხზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ ევროკავშირის წევრი (იღიმება)“.
ამგვარად, პარალელების გავლებისას შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს გაწევრიანება დიდ „ევროპულ ოჯახში“ ქვეყანას დემოგრაფიული სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას უქადის.
ამის თავიდან ასაცილებლად მთავრობამ გულდასმით უნდა გააანალიზოს ყველა რისკი და მათი თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ზომები მიიღოს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს