თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლობისტები ხელს უშლიან საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევა და ეს არის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება. ამ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფასიანი ლობისტები მიზანმიმართულად აკეთებენ ყველაფერს, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ზარქუამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არა საქართველოს მიერ დამსახურებულ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს „ნაცმოძრაობისა“ და მისი ლობისტების დამსახურება იქნება, აღნიშნა დეპუტატმა.
„საქართველოს ხელისუფლება, ისევე, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 12-პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ. წავედით დათმობებზე. თუ რამე საფრთხე დაემუქრება ჩვენს მისწრაფებებს, ეს იქნება პირდაპირ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ფასიანი ლობისტების დამსახურება და ქართველი ხალხისგან ისინი მიიღებენ პასუხს“, – განაცხადა ზარქუამ.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.