თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას „ერეკლეობა“ მიულოცა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია კახეთში.
თელავში ყოველ წელს ზეიმობენ „თელავქალაქობას“, ანუ „ერეკლეობას“. ეს კახელების ტრადიციული სახალხო ზეიმია. ეს დღე მიიჩნევა მეფე ერეკლე მეორის დაბადების დღედ. დღეს მისი დაბადებიდან 302 წელი შესრულდა.
„გილოცავთ ერეკლეობას! პატარა კახი, როგორც სიყვარულით შეარქვა ხალხმა, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. დიდი ილიას სიტყვებით, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული პატრონობდა სამშობლოს“, – ნათქვამია ღარიბაშვილის მისალოც წერილში სოციალურ ქსელში.
ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად განუწყვეტელი ომებისა, ერეკლე მეორემ საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მოდერნიზაციისკენ მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს სახელმწიფოებრიობის, მრეწველობის, განათლების, კულტურის განვითარებისთვის.
„ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას – სიბრძნეს, სიმამაცეს, სამშობლოსადმი თავდადებას… მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მჯერა, ასეთად დარჩება ყველა მომავალი თაობისათვის“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
დღესასწაულთან დაკავშირებით თელავში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, ხოლო მოვლენების ცენტრი ერეკლე მეორის მუზეუმის ტერიტორია გახდება. „ბატონის ციხეში“ გახსნილია თემატური პავილიონები, დამონტაჟებულია სცენა და დეკორაციები.
„ერეკლეობის“ დღესასწაულის ფარგლებში დასახელდებიან თელავის საპატიო მოქალაქეები. საღამოს გალა-კონცერტი გაიმართება.
ადგილობრივ ეკლესიაში დილიდან წირვა აღევლინება.