თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თელაველებს „ერეკლეობა“ მიულოცა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია კახეთში.
თელავში ყოველ წელს ზეიმობენ „თელავქალაქობას“, ანუ „ერეკლეობას“. ეს კახელების ტრადიციული სახალხო ზეიმია. ეს დღე მიიჩნევა მეფე ერეკლე მეორის დაბადების დღედ. დღეს მისი დაბადებიდან 302 წელი შესრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელავში საიუბილეო ღონისძიებას ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და უწყების სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაესწრო. მათ მუზეუმში თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პირადად უმასპინძლა.
თავდაცვის უწყების ცნობით, მინისტრმა თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში ხელნაკეთი ნაწარმის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა, ასევე დაესწრო საბრძოლო ხელოვნების ჯგუფის საჩვენებელ გამოსვლას. იმყოფებოდა ერეკლე II-ის ისტორიული სასახლესა და სასახლის კარის ეკლესიაშიც.
დღესასწაულთან დაკავშირებით თელავში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, მოვლენების ცენტრი კი ერეკლე მეორის მუზეუმის ტერიტორია იყო.
ტრადიციისამებრ, ადგილობრივი მოსახლეობა სახელოვანი მეფის იუბილეს კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნავს და სტუმრებს მთელი საქართველოდან მასპინძლობს.
„ერეკლეობის“ დღესასწაულის ფარგლებში დასახელდებიან თელავის საპატიო მოქალაქეები. საღამოს გალა-კონცერტი გაიმართება.